Accessibility links

Breaking News

გამარჯვება შიმშილის და მალნუტრიციის წინააღმდეგ ბრძოლაში


შიმშილთან და მალნუტრიციასთან (კვების დეფიციტი, დაუბალანსებელი კვება) ბრძოლაში მოსაგებად, სამი რამ არის საჭირო, განაცხადა სამანტა პაუერმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა 2021 წლის საკვების სისტემების სამიტის წინასასამიტო მინისტერიალზე. ესენია: უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება; ინვესტირება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და საჯარო ფულადი სახსრების გამოყენება კერძო კაპიტალისთვის გზის გასახსნელად.

„მიმდინარე კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული შოკების და ჯერ კიდევ მობობოქრე კოვიდ-19-ის კატასტროფულმა კომბინაციამ ნამსხვრევებად აქცია ჩვენი ბოლო ხნის მიღწევები“ - თქვა სამანტა პაუერმა.

კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ქრონიკულად მშიერია და ვინც ძლიერ შიმშილობს. იმ ადგილების მოსახლეობა კი, სადაც ადამიანთა სიცოცხლეს და საარსებო საშუალებებს შიმშილი ემუქრება, მარტო ბოლო ერთ წელიწადში 20 მილიონით გაიზარდა. ეს მონაცემები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა გაეროს მიერ დასახული, შიმშილობის ნულზე დაყვანის მიზნის მიღწევამდე, ათწლეულზე ნაკლები დროა დარჩენილი.

USAID-ის ადმინისტრატორის თქმით, შიმშილის გამომწვევ ნომერ პირველ მიზეზად კვლავ კონფლიქტი და ომი რჩება.

„შიმშილს ვერასდროს დავასრულებთ, თუ მთავრობები საკუთარ ხალხს აიძულებენ იშიმშილონ და საკვებს ომში დამატებით იარაღად გამოიყენებენ. ოჯახების გამიზნულად იძულებითი დევნა საკუთარი სახლებიდან, ნათესების და შინაური საქონლის განადგურება, ჰუმანიტარული დახმარების მარაგის მიწოდების შეფერხება, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკთა სამიზნეში ამოღება და მათზე იერიშის მიტანა... ჩვენ ხმამაღლა და არაორაზროვნად უნდა დავგმოთ ხალხის მიზანმიმართული შიმშილი და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება უსაფრთხოდ მიეწოდოს მათ, ვისაც ის ესაჭიროება“ - განაცხადა შეხვედრაზე სამანტა პაუერმა.

თუმცა, მან გაფრთხილებაც გამოთქვა: „ჩვენ არ შეგვიძლია, როგორც ამას მსოფლიო ხშირად აკეთებს, ფოკუსირება მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და სურსათით ხელშეწყობაზე, იმის ნაცვლად რომ ინვესტიციებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას შევუწყოთ ხელი“.

USAID-ის ადმინისტრატორი ამბობს, რომ „ჩვენი ვალია წვრილ ფერმერებს მივცეთ ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რაც მათ შემოსავალს გაზრდის და დაეხმარება მზარდი კლიმატური შოკების შედეგებთან გამკლავებაში. პარალელურად კი ჩვენ პარიზის კლიმატური შეთანხმებით დასახული მიზნების მისაღწევად ვიბრძოლებთ“.

ბაიდენ-ჰარისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ინვესტირებას შეერთებული შტატების საკვების უსაფრთხოების გლობალურ ინიციატივაში Feed the Future, რომელიც წარმოადგენს ამერიკის მხრიდან მოსავლის გაზრდის, მალნუტრიციასთან ბრძოლის და გამძლეობის განმტკიცების ქვაკუთხედს. ამ საქმეში გენდერული როლის პრიორიტეტად წამოწევასაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკის ინიციატივით Feed the Future გათვალისწინებულ პროგრამებს, გაცილებით მეტი წვლილის შეტანა შეუძლია ქალებისთვის ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფის გაფართოებაში, რათა მათ შეძლონ ინვესტირება საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდაში. ამით ისინი საკვები სისტემების ტრანფორმაციის დახმარებასაც შეძლებენ.

„მოუთმენლად ველით პარტნიორებთან თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - ამბობს სამანტა პაუერი, „იმისთვის, რომ უფლებებით აღვჭურვოთ დამატებით მილიონობით ადამიანი, რათა მათ საკუთარი თავი გამოკვებონ, გააძლიერონ თავიანთი თემები და რომ საბოლოო ჯამში, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს შიმშილი და მალნუტრიცია“.

XS
SM
MD
LG