
შეერთებული შტატების სამი მაღალი თანამდებობის პირის ბოლო ვიზიტმა მექსიკის საზღვართან მდებარე ამერიკულ ქალაქში, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მთავრობის მთელი შემადგენლობის ძალისხმევას, რომელიც ცდილობს ქვეყანაში უკანონოდ შემოსული იმიგრანტები შეაკავოს და ნარკოტიკების სახიფათო ნაკადი შეაჩეროს.
”სასაზღვრო კრიზისი ეროვნული დაზვერვის პრობლემად გადაიქცა და ეს თავდაცვის დეპარტამენტის ჩართულობასაც ითხოვს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ტეხასის ქალაქ იგლ-პასში სიტყვით გამოსვლისას.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა ამ მიმართულებით წინა ადმინისტრაციის მუშაობის ხარვეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ საზღვარი 21-მა მილიონმა ადამიანმა გადმოკვეთა, მათ შორის ბევრმა - ყოველგვარი შემოწმების გარეშე.
„ცენტრალური აზიიდან 4 000-ზე მეტი ადამიანი იყო, ვინც ჩვენი საზღვრები დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ქსელების გამოყენებით გადალახა. ჩვენმა კონტრტერორიზმის ეროვნულმა ცენტრმა შეისწავლა და გამოავლინა ეს პირები. ასობით მათგანი ან ცნობილი ტერორისტი იყო, ან მათთან ასოცირდებოდა. კონტრტერორიზმის ცენტრი მუშაობს იმაზე, რომ გვქონდეს შემოწმების ერთი წყარო, რათა გავარკვიოთ, ვინ არის რეალურად ჩვენს ქვეყანაში და გამოვავლინოთ ის, ვინც საფრთხეს წარმოადგენს და მოვიცილოთ ისინი“.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მის დეპარტამენტს საზღვრების დაცვაში საკუთარი წვლილი შეაქვს და ხელს უწყობს ქვეყნის საზღვარზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს:
„არა მხოლოდ ჯარები, არამარტო მეთვალყურეობა, არა მხოლოდ აღჭურვილობა, არამედ - რეალური დაგეგმვა და შესაძლებლობები, რაც აძლიერებს იმას, რასაც სასაზღვრო პატრული უკვე აკეთებს... ჩვენ ეს ციფრებში ვიხილეთ: სამხრეთ საზღვარზე გადამსვლელებში 98%-იანი ვარდნაა. ჩვენ ჯერ არ ვართ ასული 100%-იან ოპერატიულ კონტროლზე, მაგრამ ჩვენ ამ გზას ვადგავართ, ვინაიდან ესაა მანდატი, რომელიც ჩვენ პრეზიდენტმა გადმოგვცა“.
ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრის დაცვის ხელშეწყობის ერთ-ერთი გზაა „საკუთარი სურვილით შინ დაბრუნება გაუადვილონ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არალეგალურად იმყოფებიან“.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩამოვიაროთ და ყველა ადამიანი დავაპატიმროთ, მაგრამ აღვასრულებთ ამერიკელი ხალხის საიმიგრაციო კანონებს. თუ აქ არალეგალურად ხართ, ჩვენი ადმინისტრაციის გზავნილია, გაბრუნდეთ შინ და თუ გსურთ შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა, მიმართეთ შესაბამის უწყებებს“.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მექსიკის მთავრობას, სერიოზულად მოეკიდოს ნარკოკარტელებისა და ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეს და ნარკოტიკების ნაკადი შეაჩეროს. ”გვსურს, რომ მექსიკის მთავრობა საკუთარ თავსაც დაეხმაროს და ამ პროცესში ხელი ამერიკელ ხალხსაც შეუწყოს,” - თქვა ჯეი დი ვენსმა და დასძინა: ”იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ”.