შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ცხარე კამათით დასრულდა. 28 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრი სახლი მოულოდნელად დატოვა. აღარ შედგა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იშვიათი წიაღისეულის თაობაზე მოლაპარაკებული შეთანხმებისთვის დაგეგმილი ხელმოწერა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზაზე, საჭირო ნაბიჯად განიხილებოდა.
ამ შეხვედრიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელზე Truth Social დაწერა: „დავადგინე, რომ ამერიკის ჩართულობის შემთხვევაში, პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, რადგან მას მიაჩნია, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მშვიდობა მსურს”. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დასძინა: „მას [ზელენსკის] შეუძლია მობრუნდეს მაშინ, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის."
ტელეკომპანიისთვის “ეი-ბი-სი” (ABC) მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიზანია, ეს ომი რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით დაასრულოს.
„ჩვენ ომის დასრულებას ვცდილობთ. ომს ვერ დაამთავრებ მანამ, სანამ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივა, დაწყებული რუსებით. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა [ტრამპმა] ჰქნა“, - თქვა რუბიომ. ”პირობას ვერ მოგცემთ, რომ ეს შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ ეს 90%-ით გაკეთდება. ვამბობ, რომ ნულოვანია ალბათობა, თუკი მათ მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივიყვანთ. რაც უფრო ადრე მომწიფდება ყველა და მიხვდება, რომ ეს არის ცუდი ომი, რომელიც ცუდი მიმართულებით მიდის, სიკვდილითა და დესტრუქციის თანხლებითა და მის გარშემო არსებული ყველა სხვა სახის საფრთხით, რაც შეიძლება სპირალურად კიდევ უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს. რაც მალე მომწიფდებიან ადამიანები და გააცნობიერებენ ამ რეალობას, მით უფრო მეტად შევძლებთ დაწინაურებას“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ როგორც ნებისმიერი სხვა სამშვიდობო შეთანხმების დროს, აქაც უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს გარანტიები გამძლე უნდა იყოს.
”მაგრამ, ამისთვის უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი და ეს მათი [მოლაპარაკებაში] ჩართვაა, რათა შევხედოთ, შესაძლებელია თუ არა ეს”, - თქვა რუბიომ. „ყველა ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ჯერ მშვიდობა უნდა გქონდეს... და ეს უკრაინელებმა გაიგეს, ეს მათ არაერთხელ განუმარტეს:.. ‘არაფერი მოიმოქმედოთ ამის შესაფერხებლად’. ზელენსკიმ კი სამწუხაროდ, სწორედ ეს გააკეთა“.
დასასრულს, სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მიხვდება, რომ შეერთებული შტატები რეალურად ცდილობს დაეხმაროს მის ქვეყანას, სანამ ის დამატებით ათასობით მსხვერპლს გაიღებს. „დროა, რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანოთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ, „და დავინახოთ, ასებობს თუ არა წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს ამ კონფლიქტს და იქნება იმის გარანტია, რომ ეს აღარასდროს განმეორდება“.