ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია შეერთებული შტატების ძალისხმევა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
„მისი [ომის] დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტური სასაკლაოა… მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არავის არაფერი უნახავს“.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მასთან საუბარი სურს და რომ ორ მამაკაცს შორის „საუბარი მალე შედგება“. შეერთებული შტატების პრეზიდენმა იქვე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის ბევრჯერ ესაუბრა და „მათ მშვიდობის ხილვა სურთ“.
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საქმეში ხელშეწყობა სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთი და საუდის არაბეთი, განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის ძალიან დიდი სავაჭრო პარტნიორია და “ვფიქრობ, მათ [ჩინელებს] რუსეთზე დიდი გავლენა აქვთ”.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ოპეკის სახელით ცნობილ, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, ნავთობზე ფასები დაწიონ.
„ფასები თუ შემცირდა, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დასრულდება. ახლა ფასი საკმაოდ მაღალია, რაც ომის გაგრძელებას უწყობს ხელს“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტი ტრამპი იმეორებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა „პუტინის თვალის ჩინი“ იყო. ტრამპის თქმით, პუტინი „არცთუ სახარბიელო პოზიციაშია. ის მას [უკრაინას] ხორცის საკეპ მანქანაში ატარებს, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი დაახლოებით ერთ კვირაში დამთავრდებოდა. ახლა კი სამი წელი გავიდა, არა? ასე რომ... ის არ შეიძლება აღფრთოვანებული იყოს“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა უკრაინაში მომხდარ უბედურებასთან და ქვეყნის განადგურებასთან დაკავშირებით:
„ახლა თქვენ წინაშეა ყველა ეს დაბომბილი ქალაქი, სადაც ადამიანები დაიღუპნენ. ისინი შენობათა მიზანმიმართული ნგრევის ადგილებს ჰგავს. ვფიქრობ, აღმოჩნდება, რომ უკრაინაში და უკრაინის ომში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით… უყურებ რა ბრძოლის ველის იმ სურათებს, რაც მე ვნახე და რისი ხილვაც არავის სურს და ფიქრობ: ვერასდროს იქნები იგივე ადამიანი”.
პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელზე Truth Social რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა: „შეთანხმდით ახლა და შეაჩერეთ ეს აბსურდული ომი. თუ ‘გარიგებას’ ვერ მივაღწევთ, და თანაც მალევე, სხვა გზა აღარ დამრჩება იმის გარდა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებსა და სხვა მონაწილე ქვეყნებზე გაყიდულ ყველანაირ საქონელზე... შეთანხმების დრო დადგა. [ომს] მეტი სიცოცხლე აღარ უნდა შეეწიროს”!!!