Accessibility links

Breaking News

უკრაინაში ომი შეიძლება ორმა ნაბიჯმა დაასრულოს


მეხანძრეები რუსული დრონით შეტევის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. იზმაილი, უკრაინა, 27 სექტემბერი, 2024 წ.
მეხანძრეები რუსული დრონით შეტევის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. იზმაილი, უკრაინა, 27 სექტემბერი, 2024 წ.

ვლადიმირ პუტინი კვლავ "გააგრძელებს თავის უსამართლო ომს" უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის პრობლემებს მიეძღვნა. აქედან გამომდინარე, ომის დასასრულებლად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას ორი სასწრაფო და ერთმანეთთან დაკავშირებული ნაბიჯი:

„უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის მზარდ თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან“.

„ირანი კრემლს სამხედრო შეიარაღების მქონე დრონებს 2022 წლიდან აწვდის. მან რუსეთში ამ უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა ააშენა. სულ რამდენიმე კვირის წინ, მან რუსეთს გადასცა ასობით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა და მათი გამოყენების მიზნით, თეირანმა რუსი სამხედრო პერსონალი თეირანში გაწვრთნა“, - აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, „პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთში იარაღითა და საბრძოლო მასალით დატვირთული მატარებლები გააგზავნა, სადაც შეიარაღებას შორის იყო ბალისტიკური რაკეტები, რაკეტების გამშვები და მილიონობით საარტილერიო ჭურვი“.

რაც შეეხება მეორე ნაბიჯს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს უნდა იყოს სამშვიდობო გადაწყვეტილებისკენ გზის გამონახვა: „ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ვიმყოფებით, უკრაინაში სამართლიანი და გამძლე მშვიდობის მხარდაჭერის ვალდებულება გვაკისრია“.

  • „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა თანხვედრაში უნდა იყოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებთან;
  • სამართლიანმა და გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა შეანარჩუნებინოს უკრაინას უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, საკუთარი მოკავშირეები, საკუთარი მომავალი;
  • სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს უკრაინის სრულ მონაწილეობასა და მის თანხმობას;
  • სამართლიანმა და ხანგრძლივმა მშვიდობამ ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის რეკონსტრუქციას და ქვეყნის აღდგენას ისე, რომ რუსეთი იხდიდეს მის მიერვე მიყენებული ზიანის გამოსწორების საფასურს;
  • სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა ასახავდეს როგორც ანგარიშვალდებულებას, ისე შერიგებას”, - განაცხადა ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი პირდაპირი პასუხისმგებლობაა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, „მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა გზას აირჩევს საბჭო ამ კონფლიქტის დასასრულებლად“.

„სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს საკუთარი წინადადებები. აქედან ზოგიერთში ვერ ხერხდება იმის გარჩევა, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ - აგრესიის მსხვერპლი, და ამის შემდეგ ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა ბლინკენმა.

„ამგვარი შეთავაზება პუტინის აგრესიას წაახალისებს, მისცემს მას სულის მოთქმის, ხელახალი შეიარაღების, უკრაინაში განმეორებით შეჭრის [შანსს], რაც მას არაერთხელ გაუკეთებია. ამას გარდა, ეს ყოველივე მეტ სითამამეს შესძენს აგრესიის სხვა მსურველებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“, - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი და დასძენს:

„როგორც ისტორია გვასწავლის, უპრინციპო მშვიდობა მეტი კონფლიქტის, მეტი ტანჯვისა და მეტი არასტაბილურობის პროლოგს წარმოადგენს“.

დასასრულს, ბლინკენმა დამსწრეებს მიმართა და თქვა: „ამიტომ, ყველა იმ ქვეყნის საყურადღებოდ, ვისაც ამ კონფლიქტის დასრულება სურს და ამის გაკეთება გრძელვადიანად უნდა - დაწინაურების უსწრაფესი გზა მარტივია: შეაჩერეთ ისინი, ვინც ხელს უწყობს პუტინის აგრესიას და მოითხოვეთ სამართლიანი მშვიდობა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპებს დაიცავს“.

XS
SM
MD
LG