ლონდონში ცოტა ხნის წინ გამართული ვიზიტის განმავლობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემის შეხვდა. მათ ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
მათ შორის წამყვანი უკრაინის მხარდაჭერაა, განაცხადა ბლინკენმა.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას შეუძლია საკუთარი ტერიტორიის მიმდინარე აგრესიისგან დაცვა, რომ ის შეძლებს მტკიცედ დადგეს ფეხზე, სამხედრო თვალსაზრისით იქნება ეს, ეკონომიკურად, თუ დემოკრატიულად და რომ დარჩეს იმ კურსზე, რომელიც უკრაინელ ხალხს ასე ძალიან სურს - უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპასთან, ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან“.
ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, ბლინკენმა ასევე განიხილა ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლების საკითხებში.
„ორივე ჩვენგანისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სტატუს-კვოს შენარჩუნება... ეს არსებითია არა მხოლოდ ჩვენთვის, ეს კვლავ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებისთვის“, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, პუტინი იარაღს იძენს ირანიდან და კორეის სახალხო რესპუბლიკიდან, რაც აშკარად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, განაცხადა მან.
ბლინკენის თქმით, „თეირანი დიდი ხანია [რუსეთს] მომაკვდინებელი დრონებით ამარაგებს, რუსეთში დრონების საწარმო ააშენა, გაწვრთნა რუსი პერსონალი და ასწავლა მათი მართვა. გარკვეული ხნის მანძილზე, შეერთებული შტატები აფრთხილებდა დამატებით რისკებზე - ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე, მათი უკრაინაში გამოყენების მიზნით... რუსეთმა ახლა უკვე მიიღო ბალისტიკური რაკეტების ტვირთი და სავარაუდოდ, მათ უკრაინელების წინააღმდეგ მომდევნო კვირებში გამოიყენებს“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ტექნოლოგიას, რომელიც მას სჭირდება, მათ შორის ბირთვული მიმართულებით, ისევე როგორც კოსმოსის სფეროში. ბლინკენი შიშობს, რომ ამან შესაძლოა "მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოუტანოს თეირანს, მისი შემდგომი ქმედებებისთვის".
რაც შეეხება ისრაელსა და ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს, ორივე ლიდერმა განიხილა ზომები, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. „ჩვენი ქვეყნები დაეხმარნენ ისრაელს რამდენიმე თვის წინ, ირანის უპრეცედენტო თავდასხმისგან თავდაცვაში. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ერთად, რათა დავეხმაროთ ისრაელს მომავალში თავის დაცვაში“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა: „ჩვენ თანაბრად ერთგულნი ვართ იმის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ კონფლიქტი ღაზაში“.
შეერთებული შტატები მადლიერია, რომ გაერთიანებული სამეფოს სახით, ჰყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც თვალს უსწორებს ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარ გადაუდებელ გამოწვევებს.