2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციამ უკვე მეთექვსმეტედ მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა უკმაყოფილება გამოთქვას დასავლეთის მიერ, თავდაცვის რეჟიმში მყოფი უკრაინისადმი გამოხატულ მხარდაჭერაზე. რუსეთის წარმომადგენელი შეეცადა [უკრაინის] მთავრობა ისე წარმოედგინა, როგორც დიდი ხნის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც დასავლეთის განკარგულებას ასრულებს, ანუ - რუსეთს უტევს. კერძოდ, რუსეთი აღშფოთებულია იმით, რომ დასავლეთი უკრაინას აწვდის შეიარაღებას და საბრძოლო მასალას.
გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. რუსეთის ფედერაციის მტკიცების საპირისპიროდ, დასავლური იარაღი არ წარმოადგენს არც ამ ომის მიზეზს და არც მისი გაგრძელების მიზეზს. სინამდვილეში, რუსეთმა რომ უკრაინა დღესვე დატოვოს, ომი დასრულდება კიდეც.
”რუსეთის თვალთმაქცობა კიდევ ერთხელ სახეზეა,” - თქვა რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა საგანგებო პოლიტიკურ საკითხებში. „რუსეთის მიმართ 140-ზე მეტი ქვეყნის მხრიდან არაერთგზის გამოთქმული მოწოდების მიუხედავად, შეწყვიტოს აგრესიის ომი, რამდენიმე ქვეყანამ რუსეთისადმი მხარდაჭერა გააღრმავა კიდეც“, - აღნიშნავს ის.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ისმის მოწოდება ამ კონფლიქტის გახანგრძლივების წინააღმდეგ, ჩინეთი რუსეთში აგრძელებს ნიტროცელულოზის… ჩარხების, მიკროელექტრონიკის, ოპტიკის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და საკრუიზო რაკეტების ტექნოლოგიის ექსპორტს, რაც ახანგრძლივებს და ხელს უწყობს უკრაინაში შეჭრით, რუსეთის მიერ გაეროს წესდების დარღვევას“, - თქვა ამერიკის წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
„ერთობლივად, ჩინეთიდან ექსპორტმა რუსეთის ომის ძალისხმევას ახალი სიცოცხლე შესძინა და აღრმავებს საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ვუდმა.
გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის ახალ შეთანხმებაზე. ჩრდილოეთ კორეული შეიარაღების სანაცვლოდ, რუსეთი გაეროს სიღრმისეული შემოწმებისგან იცავს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებს.
„ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკანონოდ მიაწოდა ათეულობით ბალისტიკური რაკეტა და საბრძოლო მასალით დატვირთული 15 000-ზე მეტი კონტეინერი, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს და რაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას ახანგრძლივებს“, - აღნიშნავს ვუდი.
გაეროში ამერიკის წარმომადგენელი ასევე საუბრობს ირანის როლზე: „სანდო ანგარიშებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი იმავე სცენარით გეგმავს მუშაობას თეირანშიც, სადაც მან ორმხრივი კავშირები ყოვლისმომცველი ორმხრივი შეთანხმებით გააღრმავა“.
„ირანი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერით ეხმარება აგრესიის ომის გახანგრძლივებაში, აწვდის რა მას ირანულ დრონებს, რომელთაც კრემლი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დამანგრეველი ეფექტით იყენებს“, - აცხადებს ვუდი.
ის მოუწოდებს ყველა ქვეყანას, „შეწყვიტონ სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან და შეაჩერონ მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე მის აგრესიულ ომში“. ვუდის თქმით, „შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას. “ჩვენ გავაგრძელებთ კრემლის აგრესიის ომის მსხვერპლის მიმართ სამართლიანობისკენ მოწოდებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს ის.