Accessibility links

Breaking News

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან და ირანისგან იარაღს უკანონოდ ყიდულობს


"ვაგნერის ჯგუფის" რუსი დაქირავებული მებრძოლები მალიში, აფრიკის კონტინენტზე
"ვაგნერის ჯგუფის" რუსი დაქირავებული მებრძოლები მალიში, აფრიკის კონტინენტზე

რუსეთის ფედერაცია, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, უხეშად არღვევს ამავე საბჭოს რეზოლუციებს, ყიდულობს რა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის ომისთვის საჭირო იარაღს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან, ან ირანისგან. ამგვარ ქმედებას „ამაზრზენი“ უწოდა ლინდა თომას-გრინფილდმა, შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

„შეერთებულ შტატებს შეუძლია იმის დადასტურება, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაასრულა შეიარაღების მიწოდების პირველი რაუნდი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიისთვის, რომელიც “ვაგნერის ჯგუფის” სახელითაა ცნობილი, რომელმაც გადაიხადა აღჭურვილობის საფასური და რომელსაც ათასობით ჯარისკაცი ჰყავს უკრაინაში დისლოცირებული“, - ნათქვამია გაეროში ამერიკის ელჩის განცხადებაში.

ნოემბერში, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს "ვაგნერის ჯგუფისთვის" მიაწოდა ქვეითი ჯარებისთვის განკუთვნილი რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები და ექსპორტის კონტროლი დააწესა, "ვაგნერის ჯგუფი" მთელ მსოფლიოში ეძებს მიმწოდებლებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საომარ ქმედებებს შეუწყობენ ხელს. „ჩვენი შეფასებით, საბრძოლო მასალის მოცულობა, რომელიც "ვაგნერს" მიეწოდა, არ შეცვლის დინამიკას უკრაინის ბრძოლის ველზე“, - ამბობს ლინდა თომას-გრინფილდი, „მაგრამ ჩვენთვის შემაშფოთებელია ის, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა "ვაგნერისთვის" კიდევ უფრო მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს“.

კრემლი წლების მანძილზე იყენებდა "ვაგნერის ჯგუფს", თავისი სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევი საგარეო პოლიტიკისთვის, თუმცა ყოველთვის ცდილობდა ამის უარყოფას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და უკრაინაში. "ვაგნერის ჯგუფის" მიერ იარაღის ჩრდილოეთ კორეისგან შესყიდვა არამარტო უკრაინაში გამოიწვევს დესტრუქციას, არამედ ხელს შეუწყობს არასტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზეც. ამით მოსკოვი ფხენიანს დამატებითი სახსრებით უზრუნველყოფს, რაც ჩრდილოეთ კორეას აკრძალული მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამებისთვის შეუძლია გამოიყენოს.

ეს გარიგება იმ ფონზე შედგა, როცა ფხენიანმა 2022 წელს უპრეცედენტო რაოდენობის ბალისტიკური იარაღი გამოსცადა. თითოეული მათგანი არღვევდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებზეც უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას პასუხი უნდა მოსთხოვოს. ელჩ თომას-გრინფილდის თქმით, მოსკოვი „არამარტო იცავს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, მასთან უკანონო და სახიფათო ქცევაში ჩართვით, არამედ რუსეთი ახლა მსგავს ქმედებაში მისი პარტნიორი გახდა“.

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომებზე, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მხრიდან, ამავე საბჭოს რეზოლუციების დარღვევათა საკითხს დააყენებს.

რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან და ირანიდან უკანონო შეიარაღების შესყიდვის გამო.

XS
SM
MD
LG