Accessibility links

Breaking News

უკრაინის დაცვის 300 დღე


უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან, ფრონტის წინა ხაზზე. უკრაინა, 26 დეკემბერი, 2022 წ.
უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან, ფრონტის წინა ხაზზე. უკრაინა, 26 დეკემბერი, 2022 წ.

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან 300 დღეზე მეტი გავიდა. შეერთებული შტატები თავისი პოზიციის ერთგულია: უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მათზე ზრუნვა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ ისაუბრა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე და კრემლის თავდამსხმელ ძალებთან მისი ბრძოლის მნიშვნელობაზე.

"ამერიკელი ხალხი მუდმივად თქვენთან ერთად იყო და ჩვენ კვლავ თქვენს გვერდით ვრჩებით. რამდენი ხანიც საჭირო იქნება, თქვენთან ვიდგებით. ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ის, რასაც მიაღწიეთ, არამარტო უკრაინისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის“ - განაცხადა მან.

ამ კუთხით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებით $374-მილიონიან ჰუმანიტარულ დახმარებაზე განაცხადა, რომელიც უკრაინას შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით გადაეცემა. „ეს დაეხმარება 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელისთვის საკვების და ნაღდი ფულის მიწოდებას, ასევე ჯანდაცვაზე და სუფთა წყალზე წვდომის გაუმჯობესებას და ზამთრის თვეებში 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელის გათბობით უზრუნველყოფას - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე გააკეთა განცხადება უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით $1.85 მილიარდიანი პაკეტის დახმარების გამოყოფაზე. ის მოიცავს როგორც შესაბამის მოწყობილობებს, ისე - კონტრაქტებს საარტილერიო ამუნიციის მარაგის, ტანკების, სარაკეტო გამშვები სისტემების მიწოდებაზე, რათა კიევმა ეს ყველაფერი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში გამოიყენოს.

ამასთან, „შეერთებული შტატები მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა დაეხმაროს უკრაინას კრიტიკული მოწყობილობა-დანადგარებით უზრუნველყოფაში, რომლებიც საჭიროა რუსეთის მიზნობრივი იერიშების პირისპირ მყოფ უკრაინაში, ენერგოგადამცემ სისტემებზე საგანგებო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და უკრაინის ენერგომომარაგების სტაბილურობისთვის“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, „გარკვევით უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. ის მიზანდასახულად უტევს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას; წლის ყველაზე ცივ და ბნელ თვეებში ანგრევს სისტემებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს გათბობას და განათებას აწვდის; ყინავს ხალხს, აშიმშილებს, ერთმანეთს აშორებს".

შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია უკრაინის სიმამაცით და სიმტკიცით. ასევე - მისი ერთგულებით, უზრუნველყოს ის, რომ უკრაინელი ხალხი ამ ზამთარს და რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას გადაურჩეს.

XS
SM
MD
LG