რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომის პირველივე დღეებიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალები ხოცავდა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და ანგრევდა, ან აზიანებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის არმიის მიერ დაბომბილ შენობებს შორის, გარკვევით შეიძლებოდა ბევრი სამოქალაქო ნაგებობის ამოცნობა, რომელთა შორისაა სკოლები, საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი სახლები.
9 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე უცნობი ადამიანების მიერ მიტანილი იერიშის პასუხად, რომელმაც ხიდის დაზიანება გამოიწვია, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და მათზე თავდასხმა ინტენსიურად განაახლა. ხიდი რუსეთის სამხრეთ ნაწილს ყირიმის ნახევარკუნძულს აკავშირებს და მას მოსკოვი სამხედრო აღჭურვილობის და მარაგის გადასატანად იყენებს, ისევე როგორც - რეგულარული სამანქანო და სარკინიგზო მიმოსვლისთვის. პუტინის ძალებმა სარაკეტო ცეცხლი დაუშინეს ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე მთელ რიგ სამიზნეებს. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს განახლებული კონფლიქტის პირველი დღეების შემდეგ, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი ყველაზე უარესი იერიში იყო.
კრემლის მიერ უკრაინაზე განახლებული იერიშები, რუსეთის მიერ სასტიკი ომის გაგრძელებას ადასტურებს - თქვა წერილობით განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, „რუსული ბომბები აფეთქდა კიევის საჯარო პარკებში საბავშვო მოედნებზე, ერთმანეთის მიყოლებით, რაკეტა რაკეტაზე ხვდება ქალაქ კიევის ქუჩებს და აზიანებს სამიზნეებს მთელ უკრაინაში, რომელთაც სამხედრო დანიშნულება არ აქვთ“.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს... მთელი უკრაინის მასშტაბით, მათ შორის - კიევში. ამ იერიშებში დაიღუპა ან დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა... და განადგურდა არასამხედრო დანიშნულების სამიზნეები. ამ იერიშებმა კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინის წინააღმდეგ ბატონი პუტინის უკანონო ომის გამოკვეთილად სასტიკი ხასიათი“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, „ამ იერიშებმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების მხარდამხარ, გავაგრძელებთ რუსეთზე მისი აგრესიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩადენილი სისასტიკის და ომის დანაშაულების გამო, და აღმოვუჩენთ საჭირო მხარდაჭერას უკრაინის ძალებს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის და თავისუფლების დაცვა შეძლონ“.
„რუსეთის იერიშები კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ ღრმად მორალური პრობლემაა“ - თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, „უკრაინას, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას დედამიწაზე, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი მომავალი და იცხოვროს მშვიდობიანად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ბლინკენის განცხადებით, „ამ ომში ერთი აგრესორია: რუსეთი. ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ომის ესკალაციას აგრძელებს უკრაინის მიწების ანექსიის მცდელობით და მშვიდობიან მოსახლეობაზე განმეორებითი თავდასხმებით. ეს არის რუსეთი. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამ ომის შეწყვეტა ახლავე და რუსეთის ძალების გაყვანა: ეს არის ვლადიმირ პუტინი“.