Accessibility links

Breaking News

გაერო მოუწოდებს, უკრაინაში მომხდარის გამო, რუსეთს რეპარაციები დაეკისროს


რუსეთის იერიშებით დანგრეული საცხოვრებელი სახლები ბოროდიანკაში, კიევის რეგიონი. უკრაინა, 5 აპრილი, 2022 წ.
რუსეთის იერიშებით დანგრეული საცხოვრებელი სახლები ბოროდიანკაში, კიევის რეგიონი. უკრაინა, 5 აპრილი, 2022 წ.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დაწყებული, რუსეთი უტევს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. იერიშებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, ელექტროგადამცემი და წყალგაყვანილობის სისტემები. ამ დაუნდობელ იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში უთვალავი მსხვერპლი მოჰყვა და საკმაოდ დააზარალა უკრაინის ეკონომიკა.

14 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევების და უკრაინაში ჩადენილი არასწორი ქმედებებისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს. რეზოლუცია აღიარებს საერთაშორისო მექანიზმის საჭიროებას, რათა რუსეთმა რეპარაციებით აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზარალი, ომით გამოწვეული მსხვერპლი და დაშავება. გაერო ასევე გამოდის რეკომენდაციით, მოხდეს ზიანის სათანადო რეგისტრაცია, მტკიცებულებების და ბრალდებების დოკუმენტაციის აღნუსხვით.

„რუსეთის აღმაშფოთებელ იერიშებს შეტევა მიჰქონდა დიდ და პატარა ქალაქებზე მთელ უკრაინაში... ზამთრის სწრაფად მოახლოებისას, იწვევდა კრიტიკული ენერგო-ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან, სერიოზულ ნგრევას“ - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რიჩარდ მილსმა, როცა ის განმარტავდა, თუ რატომ მისცა ამერიკამ ხმა აღნიშნული არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას.

რიჩარდ მილსის თქმით, „რუსეთის მიერ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უკანონო შეჭრამ მეზობელ სახელმწიფოში და გაეროს წევრ ქვეყანაში, შემზარავ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, მზარდი საფასური მოიტანა. დღეისთვის ათასობით ადამიანია მოკლული, მილიონობით ადგილნაცვალია, გაურკვეველი რაოდენობა - გაუჩინარებული. დღითიდღე მრავლდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის და სხვა ძალადობის ანგარიშები, რომელთა შორისაა: იძულებითი დეპორტაცია; ბავშვთა გამიზნული დაცილება ოჯახებისგან, გატაცება და რუსეთში გაშვილება; წამება; სამშობიარო სახლების დაბომბვა“...

„მიყენებული ზიანის აღრიცხვის აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯია საბოლოოდ, ბრალდებების მართლმსაჯულებრივი მექანიზმის შექმნის გზაზე, რათა მოხდეს იმ უზარმაზარი ზარალის შეფასება, რომელიც ამ უაზრო ომმა მოუტანა უკრაინას და მის ხალხს“ - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ.

რიჩარდ მილსმა ასევე აღნიშნა: „ერთ დღესაც უკრაინა აღდგება, აქ ამაზე არ არის საუბარი. მთავარი გახლავთ ვალდებულება - ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულება - რომ დამნაშავეს პასუხი მოვთხოვოთ იმ საშინელებისთვის, რომლის ჩადენა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი ამ ომის საბოლოოდ მოგვარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამ რეზოლუციის მიღება, შერიგების მიღწევის ხელშეწყობასთან ერთად, ასევე ემსახურება შემაკავებელ ქმედებას, მომავალში საერთაშორისო მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე მიტანილი თავდასხმების წინააღმდეგ“.

„საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო, და იმ თანმხლები ზარალის, თუ ძალადობისთვის, რაც მათ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს“ - აცხადებს რიჩარდ მილსი. „ეს რეზოლუცია პასუხისმგებლობისკენ გადადგმული კრიტიკული მნიშვნელობის ნაბიჯია“.

XS
SM
MD
LG