რუსეთის მიერ ჩადენილ ბევრ სასტიკ დანაშაულს შორის, რომელთაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, ფილტრაციის ოპერაციებთან დაკავშირებული დანაშაულია.
სიტყვა „ფილტრაცია“ უკავშირდება კრემლის მასობრივ ოპერაციას, რომელსაც ის უკრაინაში აწარმოებს. რუსეთი დამცირების, დაკავების და იძულებითი დეპორტაციის მეთოდებს იყენებს უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მოსკოვის გადაწყვეტილებით, კრემლის იმპერიულ ამბიციებს საფრთხეს უქმნის, რათა მან უკრაინის ტერიტორია აკონტროლოს და მისი ანექსია აწარმოოს.
იელის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიამ მხოლოდ დონეცკის ოლქში 21 ასეთი ფილტრაციის ბანაკი დაითვალა. ანგარიშის მიხედვით, იქ 4 ტიპის შენობაა განლაგებული: სარეგისტრაციო; დროებითი დაკავების; დაკითხვის და გრძელვადიანი დაკავების. ფილტრაციის მიზნით, საგანგებო საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც კია შექმნილი იმ გასასვლელებში, საიდანაც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობს. ზოგჯერ მშვიდობიან მოქალაქეებს უბრალოდ ერთად კრებენ და ისინი ძალის გამოყენებით ფილტრაციის ბანაკებში გადაჰყავთ.
შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ „სხვადასხვა წყაროების შეფასება, მათ შორის რუსეთის მთავრობის, მიანიშნებს, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა 900 000-დან 1.6 მილიონამდე უკრაინის მოქალაქის დაკითხვა, დააკავება და იძულებითი დეპორტაცია აწარმოეს, გადაიყვანეს ისინი საკუთარი სახლებიდან რუსეთში, ხშირად - შორეული აღმოსავლეთის უკაცრიელ რაიონებში“.
მისი თქმით, „შეფასებების მიხედვით, ფილტრაციის მსხვერპლი ათასობით ბავშვიც გახდა, ზოგი საკუთარ ოჯახებს დააცილებს და ბავშვთა თავშესაფრებში გადაიყვანეს, ვიდრე მათ გაშვილებისთვის რუსეთში გაამწესებდნენ“.
რატომ წარმოებს ფილტრაციის ოპერაციები სხვა ზომებთან ერთად, რომელთაც კრემლი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იღებს, როგორიცაა მაგალითად - რუსული სასწავლო პროგრამების სკოლებში დანერგვა, ან უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის პასპორტების დარიგება? ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, მიზეზი მარტივია და ეს არის „ანექსიის მცდელობისთვის მომზადება... ეს გახლავთ ფაქტების ფაბრიკაციის მცდელობა, რათა მომზადდეს ყალბი რეფერენდუმი. ეს რუსული სცენარის ნაწილია უკრაინაში, რომლის თაობაზეც ჩვენ [გაეროს უშიშროების] საბჭოს წევრებს ვაფრთხილებდით ომის დაწყების დღეებშიც კი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „უკანონო გადაყვანა და დეპორტაცია დაცული ადამიანების, მშვიდობიანი მოსახლეობის თაობაზე ჟენევის მეოთხე კონვენციის უხეშ დარღვევას და ომის დანაშაულს წარმოადგენს“. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა: „მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები... გლობალურ საზოგადოებას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს, რომ ერთად დავგმოთ ამგვარი ქმედება და მოვითხოვოთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების იქ დაშვების უფლება“.