Accessibility links

Breaking News

წუთიც არ გვაქვს დასაკარგი


ხარკოვის რეგიონში რუსეთის მიერ დაბომბილი სახლი. 16 ივლისი, 2022 წ.
ხარკოვის რეგიონში რუსეთის მიერ დაბომბილი სახლი. 16 ივლისი, 2022 წ.

რუსეთის არაპროვოცირებული, სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, გეგმის მიხედვით არ განვითარდა. უკრაინა უარს ამბობს საკუთარი დემოკრატიისთვის ბრძოლის შეწყვეტაზე და რუსეთის მოთხოვნებისადმი დამორჩილებაზე. რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში ბომბებით, მიწაში დაფლული ნაღმებით, ტანკებით და მძიმე არტილერიით მიიტანა, რითაც გულმოდგინედ ცდილობს, უკრაინას დაჩოქება აიძულოს. თუმცა, უკრაინა უდრეკია.

რუსეთმა სურსათიც კი ომის იარაღად აქცია, გაანადგურა რა ხორბლის ბეღელები და საწყობები, დანაღმა სათესები, იერიშები მიიტანა სურსათის გადამამუშავებელ და სხვა საწარმოებზე, მიითვისა მარცვლეული და საფერმო მოწყობილება-დანადგარები. რუსეთს ბლოკადაში ჰყავს მოქცეული უკრაინის შავი ზღვის პორტები და ხელს უშლის უკრაინული სურსათის და სასუქის ექსპორტს იმ შორეულ ქვეყნებში, რომლებიც საკვების კრიტიკულ საჭიროებას განიცდიან.

ყოველი წუთის განმავლობაში, დამატებით თითქმის 100 ადამიანი ხდება „პუტინის ომის გამო შიმშილის და სიღატაკის მსხვერპლი“ - განაცხადა სამატა პაუერმა, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა.

„ყოველი წუთის განმავლობაში, როცა უკრაინულ ხორბლეულზე პუტინის ბლოკადა გრძელდება; ყოველი წუთის განმავლობაში, როცა მის მიერ სასუქის ექსპორტი ფერხდება; ყოველი წუთის განმავლობაში, როცა ის თავს ესხმის უკრაინულ დასახლებებს - კლიმატური ცვლილებების და მზარდი ფასების შოკების ფონზე, რომელთა პირისპირ ჩვენი სამყარო ისედაც უკვე იმყოფებოდა, ყოველი წუთის განმავლობაში, დამატებით 100 ადამიანი საშინლად დაიტანჯება“ - ამბობს პაუერი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, პუტინის ომის შედეგად, დედამიწაზე სიღატაკე დამატებით 31 მილიონ ადამიანს ემუქრება. აქედან ნახევარს შიმშილი ელის. ამ დროისთვის ყველაზე დიდი გასაჭირის პირისპირ მიყოფება აფრიკაში ჯიბუტის, სომალის, სუდანის და ეთიოპიის ტერიტორიის მოსახლეობა, სადაც გვალვები ზედიზედ უკვე მეოთხე სეზონია გრძელდება.

ამ მიწებზე „გვალვების გამო უკვე მილიონობით საქონელი ეღუპებათ. „იუნისეფის“ პროგნოზით, ასევე მოსალოდნელია ბავშვებში სიკვდილობის მონაცემის აფეთქება“ - აღნიშნავს სამანტა პაუერი.

ახლახან, დიდი შვიდეულის ლიდერთა შეხვედრაზე, მინისტერიალის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. აქედან ნახევარზე მეტს ამერიკის შეერთებული შტატები გაიღებს. 2 მილიარდი გათვალისწინებულია უშუალოდ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, საგანგებო ზომების და ინტერვენციებისთვის. 760 მილიონს კი ახლო მომავალში რუსეთის უკრაინაში შეჭრით ყველაზე მეტად დაზარალებულ, მოწყვლად ქვეყნებს გადაურიცხავენ, სურსათით მდგრადი დახმარების აღმოსაჩენად.

„ჩვენი რეაგირების უმეტესი ნაწილი, გულახდილად რომ ვთქვათ, მოხმარდება ამ საგანგებო დახმარებას. ეს მარტივად რომ ვთქვათ, სახსრების დიდ მობილიზაციას, გაცილებით, გაცილებით მეტი თანხების მოზიდვას მოითხოვს“ - განაცხადა დიდი შვიდეულის სამიტზე პაუერმა. მისი თქმით, „თითოეულმა ჩვენგანმა დამხმარე რესურსებით მსგავსი გულუხვობა უნდა გამოიჩინოს უკრაინის მიმართ და ომის იმ მსხვერპლისთვის, რომელიც დღეს ნაკლებად ჩანს“.

„ერთი წუთიც არ გვაქვს დასაკარგი“ - აცხადებს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი.

XS
SM
MD
LG