წესებს ომები და შეიარაღებული კონფლიქტებიც ექვემდებარება, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა განსაზღვრული. მათ შორის მთავარი - ომის დანაშაულთა აკრძალვაა. მაგალითად, მეომარ მხარეებს ეკრძალება შეგნებულად სამიზნედ ამოიღონ სამოქალაქო მოსახლეობა, სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები. ასევე აკრძალულია გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება. ამის მაგალითია სურსათის საცავი და მომარაგების სისტემები. ასევე აკრძალულია შეიარაღების განურჩევლად გამოყენება.
ამის მიუხედავად, უკრაინაში ომის კანონების დარღვევების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მცდელობის დროს გამოჩნდა.
მარტის ბოლოს, შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ რუსეთის ძალების წევრებმა უკრაინაში ომის დანაშაული ჩაიდინეს. შეერთებული შტატების მთავრობამ მიანიშნა, რომ ომის დანაშაულის შესახებ ცნობებს თვალს მიადევნებს და ასეთ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, თუ ორგანიზაციებს გაუზიარებს.
მაისის შუა რიცხვებში, შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაცხადა, რომ აფინანსებს ახლადშექმნილ კონფლიქტის ობსერვატორიას - პროგრამას, რომელიც გამოიყენებს თანამგზავრებიდან მიღებულ გამოსახულებებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, რათა შეაგროვოს ინფორმაცია შესაძლო ომის დანაშაულზე და სხვა საშინელებებზე, რასაც უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის არჩევანით დაწყებული სასტიკი ომის წარმოებისას, რუსული ძალები სჩადიან.
„პროგრამა მოიპოვებს, გააანალიზებს და საჯაროდ მისაწვდომს გახდის ინფორმაციას და სამხილებს ღია წყაროებიდან, რომლებიც ეხება სასტიკ დანაშაულს, ადამიანის უფლებების დარღვევებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისადმი, მათ შორის უკრაინის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიყენებულ ზიანს“, თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა.
„კონფლიქტის ობსერვატორიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია იქნება რესურსი მსოფლიოსთვის, რათა გამოჩნდეს რუსეთის ძალების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სამწუხარო და სასტიკი ქმედებები. ის ნათელს მოჰფენს საშინელებებს და გამიზნულია იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს შესაძლო სასამართლო დევნაში, რომელიც უკრაინის სასამართლოებში, მესამე ქვეყნების სასამართლოებში, აშშ-ის სასამართლოებში და სხვა შესაბამის ტრიბუნალებზე შედგება. ის მიაწვდის ინფორმაციას, რათა რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია უკუაგდოს და ჩვენი და ჩვენი პატნიორების ანგარიშვალდებულების მექანიზმების დიაპაზონი გააფართოოს“.
შეერთებული შტატების მთავრობა პლატფორმის მხარდაჭერას, ნაწილობრივ პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული, 320 მილიონი დოლარის მოცულობის ევროპული დემოკრატიის მედეგობის ინიციატივის, ანუ EDRI-ის მეშვეობით გეგმავს.
სინამდვილეში, კონფლიქტის ობსერვატორიის პროგრამა,სხვა მრავალს შორის, შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ძალისხმევაა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მომავალში ეს რუსეთის შემაძრწუნებელ ქმედებებზე პასუხისმგებლობის დადგომას დაეხმაროს.
„რამდენად დიდი დროც არ უნდა დასჭირდეს“, თქვა პრეს-მდივანმა პრაისმა, “ერთგული ვართ იდეის, რომ სამართლის აღსრულება ვიხილოთ“.