რუსეთის ფედერაციის მიერ საკუთარი არჩევანით უკრაინასთან დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომის პირველივე დღეებიდან, შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას შესაძლოა ომის დანაშაულის კვალიფიკაცია ჰქონოდა.
„ჩვენ ვნახეთ უამრავი სანდო ანგარიში განურჩეველ იერიშებზე და ისეთ თავდასხმებზე, რომელთა სამიზნედაც წინასწარგანზრახვით იყო შერჩეული მშვიდობიანი მოსახლეობა. ასევე ვიხილეთ სხვა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულებანი“ - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, „რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, მოკლეს ან დაჭრეს ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირი. რუსეთის მიერ დაბომბილი ბევრი ადგილის ამოცნობა გარკვევით შეიძლებოდა, როგორც მშვიდობიანი მოასახლეობისთვის კუთვნილი ობიექტის“.
იმ სამოქალაქო შენობებს შორის, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა, იყო სამშობიარო მარიუპოლში და მარიუპოლის თეატრი, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა. ამ შენობების დაბომბვას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. თეატრი გარკვევით იყო მონიშნული სიტყვით „ბავშვები“. წარწერა დიდი თეთრი ასოებით იყო გაკეთებული, როგორც შენობის წინ, ისე მის უკან, მანქანების სადგომზე, რის დანახვაც თვითმფრინავიდან გარკვევით შეიძლებოდა.
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმებში ვლადიმირ პუტინის მოიერიშე ძალებისთვის ახალი არაფერია, აცხადებს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი.
მისი განცხადებით, „პუტინის ძალები იგივე ტაქტიკას იყენებდნენ როგორც გროზნოში, ჩეჩნეთში, ისე - ალეპოში, სირიაში სადაც ინტენსიური დაბომბვა ხალხის სულის გასატეხად ხდებოდა“.
„მათმა მცდელობამ უკრაინაშიც ასევე მოქცეულიყვნენ, სამყარო კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორად შენიშნა, „უკრაინელი ხალხი სისხლში და ცრემლში აბანავეს“ - აღნიშნავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენის თქმით, „22 მარტისთვის, ალყაში მოქცეულმა მარიუპოლის მთავრობამ განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ერთ ქალაქში 2 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იმ დროისთვის უკრაინაში მიმდინარე ომს 2 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ანგარიში მოიცავს დაშავებულებს და მოკლულებს, მაგრამ მათ სიაში მარიუპოლის მსხვერპლი ჯერ შეყვანილი არ იყო. გაერო იქვე ხაზს უსვამდა, რომ „მათი რეალური რაოდენობა დიდი ალბათობით, გაცილებით მაღალია“.
23 მარტს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის მთავრობა ფიქრობდა, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულებები ჩაიდინეს.
„როგორც ნებისმიერი სხვა სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, რომელიც იურიდიულად დაასაბუთებს დანაშაულს და მასზე პასუხისმგებელ პირებს, კონკრეტული ფაქტების განხილვის საფუძველზე“ - აცხადებს ბლინკენი. „შეერთებული შტატები გააგრძელებს მიღებული სტანდარტების მიხედვით, ომის დანაშაულის ანგარიშებზე თვალის მიდევნებას და მათ გაზიარებას პარტნიორებთან, მოკავშირეებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან“.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმ გზის გაგრძელების, რომელიც ნებისმიერი მის ხელთ არსებული გზით, „დააყენებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის - კრიმინალური სასჯელის წაყენებით“.