თვეზე მეტია უკრაინელი ხალხი მამაცად უმკლავდება და ებრძვის რუსეთის შეიარაღებული ძალების სასტიკ და არაპროვოცირებულ შეტევას, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და ქალაქების თუ სოფლების განადგურება გამოიწვია. დანგრეულია უკრაინელთა სახლები და ნანგრევებში მოყოლილია, ან ქუჩა-ქუჩა ყრია უკრაინელი კაცების, ქალების და ბავშვების გვამები. ეს იმ კოშმარის აშკარა გამოხატულებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავს მოახვია უკრაინელ ხალხს, საკუთარი გადაწყვეტილებით, დაეწყო უკანონო ომი სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ.
უკრაინელი ხალხის ტანჯვასთან ახლოს ვერაფერი მივა.
რუსი ხალხიც იტანჯება. ათასობით რუსი ჯარისკაცის მშობელი და ოჯახი ახლა მათ გლოვობს, ვინც უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის დროს მოკლეს. რუსეთის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ომის საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიოდნენ. რუსეთის ეკონომიკამ მწვავე სანქციებით მძიმე დარტყმა მიიღო. დამკვირვებლების შეფასებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე სამშობლო 200 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა.
ევროპაში თავისი ბოლო ვიზიტის დასასრულს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქ. ვარშავიდან უკრაინელ ხალხს მიმართა და მათ არაორაზროვნად უთხრა: „ჩვენ თქვენს გვერდში ვართ“.
მას გზავნილი რუსი ხალხისთვისაც ჰქონდა. „თქვენ არ ხართ მტრები“ - უთხრა მათ ბაიდენმა. „უარს ვამბობ დავიჯერო, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების დახოცვას, ან რომ ღვთის გულისთვის, თქვენთვის მისაღებია საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის, სამშობიაროებისთვის რუსული რაკეტების და ბომბების დაშენა, ან მომარაგების ქსელების გადაკეტვა და უკრაინელთა შიმშილის გზით დამორჩილების მცდელობა“ - თქვა მან.
„რუსებს გამორჩეულად და ბევრი სხვა ევროპელის მსგავსად, ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ალყაში მყოფი ლენინგრადის და სტალინგრადის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საკვების, წყლის და წამლის გარეშე, ადამიანები ბომბებს სარდაფებში და თავშესაფრებში ემალებოდნენ, დილით კი გზას დანგრეული სახლების ნარჩენებში მიიკვლევდნენ“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„ვლადიმირ პუტინის აგრესიამ თქვენ, რუსი ხალხი, დანარჩენ სამყაროს მოგწყვიტათ“ - უთხრა რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც თქვენ და თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები იმსახურებთ... ეს ომი თქვენ, რუს ხალხს არ გეკადრებათ“.
ბაიდენის განცხადებით, „პუტინს შეუძლია და ვალდებულიცაა დაასრულოს ეს ომი... ამერიკელი ხალხი გვერდში გიდგათ თქვენ და უკრაინის მამაც მოქალაქეებს, მათ, ვისაც მშვიდობა სურს“.