24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და დაზვერვის სამსახურებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა. პუტინის გათვლა ეფუძნებოდა იმას, რომ რუსეთის არმია შეძლებდა კიდევ ერთხელ უკრაინის საზღვრების გადაკვეთას და ამას მსოფლიოს მხრიდან დაგმობაზე უფრო მეტად, უბრალოდ უარყოფითი გამოძახილი ექნებოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები თუ პარტნიორები, რუსეთის უსაფრთხოების მოსაზრებებთან დაკავშირებით მიმდინარე ინტენსიური დიპლომატიური მცდელობების შემდეგ, მოსკოვს სწრაფ და მკაცრ შედეგებს დაჰპირდნენ. პუტინის გათვლა არასწორი იყო.
„პუტინმა გადაწყვიტა თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტის შერყევა და ეგონა, რომ სხვები შიშით თავს ჩაქინდრავდნენ. მან ძალიან ცუდად გათვალა. მას ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გვერდზე გაიხედავდა“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 მარტს, ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში. „მას ეგონა, დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდა. და მას ეგონა, რომ ჩვენს შორის დაპირისპირებას დასთესდა. პუტინი არასწორი იყო. ჩვენ მზად ვიყავით“.
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „ჩვენ ინტენსიურად და ფრთხილად ვემზადებოდით. თვეები გავატარეთ პუტინის წინააღმდეგ კოალიციის მშენებლობაში, რომელშიც ევროპის, ამერიკის, აზიის და აფრიკის სხვა თავისუფლებისმოყვარე ერებიც შედიან“.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ამერიკამ „მსოფლიოს წინასწარ შეატყობინა ის, თუ რას გეგმავდა პუტინი და როგორ შეეცდებოდა თავისი აგრესიის სიყალბით გამართლებას“. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს: „რუსეთის ტყუილებს ჩვენ სიმართლე დავუპირისპირეთ. და ახლა, როცა მან ეს ჩაიდინა, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს“.
„ჩვენ ჩავხსენით რუსეთის უდიდესი ბანკები საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან. რუსეთის ცენტრალურ ბანკს გადავუკეტეთ რუსული „რუბლის“ ხსნის გზები და პუტინის $630-მილიარდიანი „ომის ფონდი“ გავაუფასურეთ. რუსეთის წვდომა ტექნოლოგიებზე სულს ღაფავს, რაც სისხლისგან დაცლის მის ეკონომიკურ ძლიერებას და მის არმიას მომდევნო წლებშიც დაასუსტებს“ - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.
„ჩვენ ვხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსული რეისებისთვის, რითაც რუსეთის იზოლაცია ღრმავდება, და კიდევ უფრო ვასუსტებთ მის ეკონომიკას. ჩვენ სამიზნეში ვიღებთ რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, თუ მათ მიერ უკანონო გზით მოპოვებულ მოგებას. ამავე დროს ვზრდით დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის, რომლებიც რუსეთის ინტერვენციას გმირულ წინააღმდეგობას უწევენ“.
„მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, იქნება ეს სამხედრო დახმარება, ეკონომიკური, თუ ჰუმანიტარული დახმარება. მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას ვაწვდით. და გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას, ვიდრე ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ, რათა მათ ტანჯვა შევუმსუბუქოთ“.
„გაკვეთილი, რომელიც მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვისწავლეთ, ასეთია: თუ დიქტატორები არ იხდიან საფასურს მათი აგრესიისთვის, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. „პუტინმა თავი მოხადა ძალადობას და ქაოსს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ის შესაძლოა ბრძოლის ველზე წარმატებული იყოს, დროთა განმავლობაში მას მაღალი საფასურის გადახდა სულ მოუწევს“.