შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ხანია შეშფოთებულია ავტოკრატების მხრიდან დემოკრატიული ქვეყნებისთვის შექმნილი საფრთხით. ისინი „ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების დაწინაურებას, გავლენის ექსპორტს და გაფართოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“. რისკის ქვეშ დგება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კეთილდღეობა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომის დაწყება უკრაინაში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დასახელებული საფრთხის, ბოლო და ყველაზე აღმაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს. ომის წინა დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა კიდევ ერთ გარდაუვალ მსხვერპლზე: წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს სტაბილურობა ეფუძნება: „პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია მეორე ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა; პრინციპი, რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეორეს თავს მოახვიოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი“.
რუსეთის შიშველ აგრესიას და უკრაინის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას მთელი მსოფლიოს ქვეყნები და ორგანიზაციები გმობენ. ისინი უერთდებიან შეერთებულ შტატებს დამსჯელი სანქციების დაწესებაში და რუსული ექსპორტის მკაცრ შეზღუდვებში.
ყველა ავტორიტარული სახელმწიფო - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი, კუბა და ირანი - მათ არ შეუერთდა და მოსკოვის თავდასხმის მხარდაჭერა აირჩია. სულ რამდენიმე კვირაში, რაც პრეზიდენტებმა სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება „ულიმიტო“ პარტნიორული შეთანხმების შესახებ, ჩინეთმა რამდენჯერმე თქვა უარი, რუსეთის აგრესიას უკრაინაში „შეჭრა“ უწოდოს. სანაცვლოდ, პეკინმა შეერთებული შტატები, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
ამასთან ერთად, ჩინეთმა დაამტკიცა ხორბლის იმპორტი რუსეთიდან. ეს იმ დროს ხდება, როცა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან, უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის გამო, რუსეთზე მასშტაბური ეკონომიკური სანქციების დაწესების საქმეში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკრიტიკა რუსეთს და ჩინეთს შორის გააქტიურებული ურთიერთობა, რომელიც მიზნად ისახავს წესებზე დაფუძნებული იმ საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, რომელიც ბოლო 70 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში კეთილდღეობის მხრივ უპრეცედენტო მიღწევების დასაყრდენია.
„მსოფლიო წესრიგის დამყარება რუსეთს და ჩინეთსაც სურთ“ - თქვა ნედ პრაისმა. „თუმცა, ეს ისეთი წესრიგია, რომელიც ახლა და მომავალშიც ღრმად არალიბერალური იქნება“.
დაგმო რა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ კრემლის და მისი მოკავშირეების მიერ ჩაფიქრებული მსოფლიო წესრიგი ყოველთვის შეხვდება წინააღმდეგობას „შეერთებული შტატებისგან და თავისუფლებისმოყვარე ერების მხრიდან, ყველგან და ყოველთვის, ჩვენი ანგარიშგასაწევი ძალის ნებისმიერი საშუალებით... როცა ერთმანეთს დემოკრატია და ავტოკრატია, სუვერენიტეტი და დაპყრობა უპირისპირდება. ასეა, არაფერი შეგეშალოთ“. ბაიდენის თქმით, „თავისუფლება გამარჯვებული იქნება“.