Accessibility links

Breaking News

მშვიდობის არჩევანი რუსეთის ინტერესებშია


სატელიტით გადაღებულ ფოტოზე ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩანს
სატელიტით გადაღებულ ფოტოზე ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩანს

„რუსეთი უკრაინის მიმართ მუქარას აძლიერებს“ - განაცხადა უენდი შერმანმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იალტის კონფერენციაზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას მიეძღვნა. მისი თქმით, „რუსეთმა, პროვოცირების გარეშე, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი და დამატებითი ძალები ბელარუსშიც გააგზავნა, ფართომასშტაბიან წვრთნებში მონაწილეობის საბაბით“. მოსკოვის რიტორიკა თანდათან უფრო მკაცრი და არაგულწრფელია, რომლითაც ის უკრაინის აგრესორად გამოყვანას ცდილობს. უენდი შერმანი აცხადებს, რომ „რუსეთისთვის არ არსებობს თავდაცვის მოსაზრება, რომელიც ასე მოკლე დროში უკრაინის საზღვრებზე ამდენად ბევრი ჯარისკაცის თავმოყრას გაამართლებს“, რადგან „უკრაინა რუსეთს საფრთხეს არ უქმნის“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, „აუცილებელია იმის კიდევ ერთხელ გამეორება, რომ სწორედ რუსეთი იყო ის, ვინც უკრაინას 2014 წელს თავს დაესხა და ყირიმი დღემდე ოკუპირებული აქვს“. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში ომის პროვოცირებას, რომელმაც 14 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქალაქები დაანგრია. სწორედ რუსეთს და მის მოკავშირეებს ჰყავს ასობით უკრაინელი პოლიტიკურ პატიმრად და სწორედ რუსეთის ქმედების გამოა, რომ თითქმის 3 მილიონ უკრაინელს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

რუსეთი ჩაერია უკრაინის არჩევნებში და შეეცადა ძირი გამოეთხარა უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. რუსეთმა დაბლოკა ენერგია და ვაჭრობა, და განახორციელა კიბერ-შეტევა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ის იყენებდა პროპაგანდას და დეზინფორმაციას ქვეყანაში უნდობლობის და დესტაბილიზაციის დასათესად.

„შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდში დგას და ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელშეუხებლობის ერთგულნი ვრჩებით“ - განაცხადა უენდი შერმანმა. 2014 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატები უკრაინას $5.5 მილიარდზე მეტი
ღირებულების დახმარებას უწევს უსაფრთხოების და სხვა ტიპის დახმარების სახით, მათ შორის - რუსეთის აგრესიის გამო იძულებით გადაადგილებულთათვის გამოყოფილი $351-მილიონიანი დახმარებით.

შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს უკრაინის დახმარებას თავდაცვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დეკემბერში დამატებით $200 მილიონის ოდენობის დახმარება გამოყო, რომლის ფარგლებში პირველი ტვირთი კიევში ამ დღეებში ჩავიდა. შეერთებული შტატების კონგრესმაც გაზარდა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის დაფინანსება. ამას გარდა, შეერთებული შტატები ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად, აგრძელებს მუშაობას, რათა კრიზისში მყოფ უკრაინას დიპლომატიური და სხვა სახის მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„თუკი რუსეთი უკრაინაში კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, გაცილებით უფრო შორსმიმავალი, ვიდრე 2014 წელს“ - განაცხადა უენდი შერმანმა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, „შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები ერთად მუშაობენ კოორდინირებული ეკონომიკური ზომების შემუშავებაზე. ზომების, რომლებიც იქნება მიზნობრივი, მკაცრი და ძვირი დაუჯდება რუსეთის ეკონომიკას და მის ფინანსურ სისტემას, თუკი რუსეთი ამ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს“.

XS
SM
MD
LG