Accessibility links

Breaking News

ამერიკა იღებს ზომებს რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის აღსაკვეთად


რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი წვრთნა
რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი წვრთნა

საერთაშორისო თანამეგობრობა სამართლიანად არის აღშფოთებული პროვოცირების გარეშე განხორციელებული, სამხედრო ძალის დიდი მობილიზაციით უკრაინის საზღვარზე და მის მიმდებარედ. შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, პირობა დადო, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის დიპლომატიაზე და უკრაინაში სამხედრო ძალით ისევ შეიჭრება, შედეგები ფართომასშტაბიანი იქნება.

თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რუსეთი უკვე გეგმავს, ან სისრულეში მოჰყავს უკრაინის წინააღმდეგ სხვა სახიფათო, არასამხედრო მოქმედებებიც. ერთ-ერთია ოპერაცია უკრაინაში, რომლის დროსაც რუსეთი აწყობს პროვოკაციას უკრაინის შიგნით, და შემდეგ ამას იყენებს წინასწარ ჩაფიქრებული აგრესიის გასამართლებლად.

ამას გარდა, პარალელურად, უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, კერძოდ საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველო (FSB), აწარმოებს გავლენის ოპერაციებს. ამ მოქმედებათა გამოსააშკარავებლად და დასასრულებლად, შეერთებულმა შტატებმა მათში გარეული ოთხი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ორი მათგანი უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრია, ტარას კოზაკი და ოლეჰ ვოლოშინი. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, კოზაკი უკრაინაში რამდენიმე საინფორმაციო არხს აკონტროლებს და ის „ხელს უწყობდა [რუსეთის] საგარეო დაზვერვის სამმართველოს გეგმას, ცილს სწამებდა რა პრეზიდენტ ზელენსკის შიდა წრის მაღჩინოსნებს და მათ უსაფუძვლოდ აბრალებდა პანდემია კოვიდ 19-ის ცუდად მართვას“.

მისი პლატფორმები ასევე განამტკიცებდა ყალბ გზავნილებს 2020 წლის არჩევნების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვოლოშინი რუსეთის აქტორებთან ერთად მუშაობდა, რათა ძირი გამოეთხარა უკრაინის მთავრობისთვის და ამას რუსეთის ადვოკატირების გზით აკეთებდა. მას ასევე კავშირი ჰქონდა ამერიკაში სანცირებულ კონსტანტინ კლიმნიკთან, რუს მოქალაქესთან, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებასთან თანამშრომლობისთვის იყო სანქცირებული, რუსეთის მთავრობის დავალებითვე ამერიკაში 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

ორი სხვა სანქცირებული ინდივიდი უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრია: ვოლოდიმირ ოლეინიკი და ვალდიმირ სივკოვიჩი. ოლეინიკი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამმართველოს დავალებებს ასრულებდა, ის აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ. როგორც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, „განმეორებითი კიბერ-ოპერაციები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ნაწილია... რომელთა მიზანია უკრაინის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა“. სივკოვიჩიც „რუსეთის დაზვერვის აქტორებზე მუშაობდა, გავლენის ოპერაციების განხორციელების მიზნით“, მათ შორის - კიევის მიერ ყირიმის რუსეთისთვის დათმობის საკითხზე.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ ოთხი ადამიანისთვის სანქციების დაწესება ცალკე მდგომი, სხვა პროცესია. ის არ არის ნაწილი მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური ზომების, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთზე დასაწესებლად ამზადებენ, თუკი ის უკრაინაში უფრო ღრმად შეიჭრება. თუმცა, ბლინკენის განცხადებით, „შეერთებული შტატები გააგრძელებს შემდგომში მსგავსი ნაბიჯების გადადგმას, რათა იდენტიფიცირდეს, გამოააშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის მადესტაბილიზებელი მცდელობები უკრაინაში“.

XS
SM
MD
LG