Accessibility links

Breaking News

რუსეთისთვის დიპლომატიური გზა გახსნილია


ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კვირის განმავლობაში ჩართულია დისკუსიების მთელ სერიაში, რომელთა მიზანია რუსეთის მხრიდან უმიზეზოდ დაწყებული კრიზისის დეესკალაცია. კრიზისი უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაცამ გამოიწვია.

ეს მოლაპარაკებები მოიცავს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის; ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას და მუდმივი საბჭოს შეხვედრას ეუთოში - ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

დისკუსიების დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ „ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გონივრული გზა დიპლომატიაა“. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მზად არის მოისმინოს რუსეთისგან ნებისმიერი ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებზე და სცადოს მათზე რეაგირება, „თუკი კრემლი მზად არის გადაუხვიოს თავისი საშიში და დესტაბილიზაციის მომტანი ქცევისგან“.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი მოსკოვის აგრესიამ გამოიწვია, მათ შორის უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების და სამხედრო ტექნიკის მასიურად მობილიზაციამ. და ეს მხოლოდ უკანასკნელია რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სერიაში, რომლებიც მან მეზობლების წინააღმდეგ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გადადგა. მათ შორის იყო საქართველო, მოლდოვა და თავად უკრაინა, სადაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა და რომელიც ყირიმის დაპყრობით დასრულდა.

რუსეთის ამჟამინდელი მუქარა უკრაინის წინააღმდეგ, საფრთხეს მარტო უკრაინას არ უქმნის, თქვა ენტონი ბლინკენმა. „მოსკოვის ქმედება ევროპის ტერიტორიაზე ახალი პრეცედენტის შექმნის საფრთხეც არის, რომლის გამოც საკამათო ხდება იმ საერთაშორისო პრინციპების საფუძვლები, რომლებიც გადამწყვეტია მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის: რომ არ შეიძლება სახელმწიფოს საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერად შეცვლა; რომ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეთა თანდაყოლილი უფლებაა, თავად მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი; რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს საერთო წესების მიმართ ვალდებულება აერთიანებს და მათ საფასურის გადახდა მოუწევთ, თუკი მათ მიერვე აღებულ ოფიციალურ ვალდებულებებს არ შეასრულებენ“.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გარკვევით განაცხადა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ისეთი მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური სანქციების, ასევე სხვა ზომების პირისპირ აღმოჩნდება, რომლის მსგავსი აქამდე არ მომხდარა. „იმედი გვაქვს რუსეთი სხვა გზას აირჩევს“ - თქვა ბლინკენმა. „ჩვენ ერთგულნი ვართ რუსეთთან გონივრული, ორმხრივი დიალოგის, ისევე როგორც სრულად ერთგულნი ვრჩებით ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების და კოორდინაციის მიმართ - მათ შორის ევროპის კავშირთან - ჩვენს ყველა დისკუსიაში, ყველა ფორმატით... ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს რამდენიმე მიმართულება, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია“.

XS
SM
MD
LG