Accessibility links

Breaking News

ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის


რუსეთს და ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის მასობრივი მობილიზაციის ფონზე გამართული დიპლომატიური მოლაპარაკების დროს, რომელზეც კრიზისის დეესკალაციას ცდილობდნენ, მძაფრ უთანხმოებას ერთი საკითხი იწვევდა. ეს არის უკრაინის და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესაძლო გაწევრიანება ნატოში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მომავალში ვერასდროს შეძლოს ნატოში გაწევრიანება“ - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მას შემდეგ, რაც დასრულდა სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივი დიალოგი შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის. მისი თქმით, „ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ უნდა გახდეს“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანისთვის, რომელიც ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. „არავის მივცემთ კარის მიჯახუნების უფლებას ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც ნატოს ალიანსისთვის ყოველთვის ძირეული იყო“ - განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ცალსახად ვთქვით: სხვა ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ვიღებთ. ჩვენ არ დავეთანხმებით იმას, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს სხვისთვის ვეტოს დაწესების უფლება, როცა საქმე ნატოს ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.

გასულ კვირას გამართული დიპლომატიური დისკუსიების წინ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები, ნატოს გაფართოების შეზღუდვასთან მიმართებით, „ყალბი ნარატივის“ ნაწილია.

„ნატოს არასდროს დაუდია ახალი წევრების არმიღების პირობა“ - თქვა მან. „მას ეს არც შეეძლო და არც იზამდა. ღია კარის პოლიტიკა 1949 წელს ხელმოწერილი ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმების ძირეული პირობა იყო, რომელიც საფუძვლად დაედო ნატოს შექმნას... ალიანსის წევრობა ყოველთვის იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები და ასპირანტი ქვეყნები ერთობლივად იღებდნენ - და არავინ სხვა“ - განაცხადა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ ევროპის უსაფრთხოების ქარტიაში, რომელსაც 1999 წელს სტამბოლში მოეწერა ხელი, „რუსეთმა თავად დაადასტურა, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება აირჩიონ ან შეცვალონ მათი უსაფრთხოების სტრუქტურები, ალიანსების ჩათვლით“.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „რუსეთი ახლა ითხოვს, რომ ორივემ, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ისე ნატომ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში განლაგებული ნატოს ძალები დატოვებენ მოკავშირეთა ტერიტორიებს და უკრაინას ნატოში გაწევრიანებას სამუდამოდ აუკრძალავენ“.

ახლახან მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მიზანია „აღადგინოს გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ... ეს მიუღებელია“ - განაცხადა მან. „ეს იყო რეცეპტი არასტაბილურობის, რეცეპტი კონფლიქტის, რეცეპტი, რომელიც მსოფლიო ომებს იწვევდა. ჩვენ მას აღარ დავუბრუნდებით“.

XS
SM
MD
LG