Accessibility links

Breaking News

რუსული პროვოკაციის შედეგები


გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ნაწილი გერმანიაში
გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ნაწილი გერმანიაში

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისგან წარმოიშვება, ეს არის ენერგიის მიწოდების საკითხი. რუსეთი უკრაინას, ასევე ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას, ბუნებრივი გაზით ბევრი მილსადენის მეშვეობით ამარაგებს, რომელთაგან რამდენიმე უკრაინის ტერიტორიაზე გადის. იმ დროს, როდესაც უკრაინის საზღვრების გარშემო (ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილში) რუსეთის სამხედრო ძალების მასობრივი თავმოყრა გრძელდება, რუსეთი გაზის მიწოდებასაც ამცირებს - დგამს პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

აშშ-ევროკავშირის ენერგო-საბჭომ 7 თებერვლის შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ენერგო-მიწოდების იარაღად ან გეოპოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება მიუღებელია“. ამიტომ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ან მის სიახლოვეს, ენერგო-მომარაგებისადმი ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე პასუხის გასაცემად ერთობლივად იმუშავებენ.

სინამდვილეში, რუსეთმა წარსულში გაზის მიწოდების შეწყვეტა კეტის როლში უკვე გამოიყენა. „2009 წელს, როდესაც უკრაინასთან დავის გამო, რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, ადამიანები სიცივით დაიხოცნენ“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „როდესაც ენერგიის მიწოდება წყდება, ეკონომიკა სუსტდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ეს არ დავუშვათ და შევარბილოთ გავლენა ენერგო-მომარაგებაზე და ფასებზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების გადაკეტვას გადაწყვეტს“.

„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გლობალური ენერგო-მომარაგება არ დაირღვეს - რაც ასევე მნიშვნელოვანი ფოკუსირების საგანია - თუ რუსეთი გადაწყვეტს თავისი ბუნებრივი გაზი იარაღად აქციოს ევროპის მომარაგების შეჩერებით იმაზე მეტად, ვიდრე უკვე გაკეთებული აქვს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

„მთელ მსოფლიოში, მთავრობებთან და ძირითად მომპოვებლებთან ერთად, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სიმძლავრეები მკვეთრად გაზარდონ. დეტალურ საუბრებში ვართ ჩართული მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი რეაგირების კოორდინაციის საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ არსებული მარაგების საუკეთესოდ განაწილება როგორ მოხდეს. მთელი ამ ძალისხმევის მიზანი ფასების რყევის შერბილება და იმის უზრუნველყოფაა, რომ ადამიანებს შეერთებულ შტატებში, ევროპაში და მსოფლიოს გარშემო, ჰქონდეთ მათთვის საჭირო ენერგია იმის მიუხედავად, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს რუსეთი“.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს ძლიერ და სიცოცხლისუნარიან უკრაინას და ორივემ იცის, რომ სუვერენული უკრაინისთვის ენერგო-უსაფრთხოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ენერგო-უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რეგიონულ უსაფრთხოებასთან, გლობალურ უსაფრთხოებასთან. ევროპას სჭირდება საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგია, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ... ევროპის ენერგო-მომარაგების რყევებისგან დასაცავად, მათ შორის ისეთისგან, რომლის გამოწვევაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას შეეძლება“.

XS
SM
MD
LG