Accessibility links

Breaking News

ამერიკა და მისი მოკავშირეები უფრო ერთიანნი არიან, ვიდრე როდესმე


დიდი შვიდეულის შეხვედრა ბრიუსელში. 24 მარტი, 2022 წელი
დიდი შვიდეულის შეხვედრა ბრიუსელში. 24 მარტი, 2022 წელი

თუ უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის სურვილით წამოწყებული ომის ერთ-ერთი მიზანი ნატოს და დასავლელი მოკავშირეების დაყოფა იყო, ის სერიოზულად გაწბილდა, რასაც ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპაში ბოლო ვიზიტიც ადასტურებს.

„ნატო არასდროს, არასდროს იყო უფრო ერთიანი, როგორიც ის დღესაა“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიუსელში ალიანსის შეხვედრის შემდეგ, რომელიც რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიაზე რეაგირებისთვის შედგა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, ნატოს სახელმწიფოების მეთაურებმა და მთავრობამ კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომელიც, როგორც მათ თქვეს, გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის. ლიდერებმა კრემლს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და უკრაინასთან სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. მათ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი საკუთარ მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი.

ალიანსის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთზე კოორდინირებულ საერთაშორისო წნეხს შეინარჩუნებენ და ასევე გამოაცხადეს ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის მიმართ საკუთარი მტკიცე ერთგულება. მათ აღნიშნეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე 40 000 ჯარისკაცის, ასევე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში და სლოვაკეთში, აღმოსავლეთ ფრონტის გასაძლიერებლად, დამატებით 4 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განლაგება. „ვიღებთ ყველა ზომას და გადაწყვეტილებას, რათა ყველა ტერიტორიაზე, ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და დაცვა უზრუნველვყოთ“ - აღნიშნეს მათ.

„პუტინი პასუხად იღებს ზუსტად საპირისპიროს, რის მიღებასაც უკრაინაში შესვლის შედეგად განიზრახავდა“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

იგივე ერთობა და თანხმობა გამოიკვეთა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი დიდი შვიდეულის ლიდერებს და ევროპის საბჭოს შეხვდა. დიდი შვიდეული დათანხმდა სრულად აამოქმედოს მათ მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები. ერთობლივ განცხადებაში მათ პირობა დადეს, „საჭიროების მიხედვით მიმართონ დამატებით ზომებს და გააგრძელონ ერთობლივი მოქმედება, როგორც ახლა“. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას და მეზობელ ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარება გაუზარდონ.

ევროკავშირის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა გამოაცხადეს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე და მაქსიმალურად გაიზარდოს განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობა და გამოყენება.

ვარშავაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეაჯამა ის შედეგები, რომლებიც პუტინის განზრახვში არ შედიოდა, როდესაც ის უკრაინაში შეიჭრა: „თვეების განმავლობაში მსოფლიოს დემოკრატიები გამოცოცხლდნენ მიზნით და ერთობით, რომელთა მიღწევასაც ოდესღაც წლები დასჭირდა... ახლა უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლას გავაგრძელებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთობა დღეს, ხვალ და ზეგ, მომავალ წლებში და ათწლეულებში.“

XS
SM
MD
LG