24 თებერვლის დილით, რუსეთმა წამოიწყო მასშტაბური, სასიკვდილო იერიში უკრაინაზე, მეზობელ, შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოზე. ყოველგვარი „პროვოკაციის, გამამართლებელი გარემოების და საჭიროების გარეშე, რუსეთის არმიამ დაიწყო სასტიკი იერიში უკრაინელ ხალხზე. ეს წინასწარგანსაზღვრული თავდასხმაა“ - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, „[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი აგრესორია. ომი პუტინის არჩევანია. და ახლა მას და მის ქვეყანას მოუწევთ შედეგებისთვის თვალის გასწორება. დღეს მე ხელს ვაწერ ძლიერ სანქციებს და ახალ შეზღუდვებს იმაზე, თუ რისი ექსპორტირებაა შესაძლებელი რუსეთში. ეს მძიმე საფასური დაუჯდება რუსეთის ეკონომიკას, ახლავე და მომავალშიც. ჩვენ გამიზნულად მოვამზადეთ ეს სანქციები ისე, რომ მათი რუსეთზე გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაშიც მაქსიმალურად გაიზარდოს, შეერთებულ შტატებზე და ჩვენს მოკავშირეებზე კი გავლენა მინიმალური იყოს“.
შეერთებულმა შტატებმა, ბევრ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, რუსეთს ისეთი სანქციები დაუწესა, რომლებიც სრულად ბლოკავს რუსეთის წამყვან, 10 უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს. ისინი ჯამში რუსული საბანკო სექტორის აქტივების 80 პროცენტს ფლობენ.
„ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის უნარს, გლობალური ეკონომიკის ნაწილად დარჩენისთვის, საქმე დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში აწარმოოს. მას ამის შესაძლებლობა შეეზღუდება. ჩვენ ვაპირებთ შევაფერხოთ რუსეთის არმიის ზრდა და დაფინანსება. ჩვენ ვგეგმავთ დავაზიანოთ მისი კონკურენტუნარიანობა მაღალტექნოლოგიურ, 21-ე საუკუნის ეკონომიკაში... ჩვენი ქმედებების ბევრი, ყველაზე მძლავრი შედეგების დანახვას დრო დასჭირდება, ვიდრე ვაგრძელებთ რუსეთისთვის წვდომის შეზღუდვას ფინანსებზე და ტექნოლოგიებზე, რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე და სამომავლოდ, მისი ინდუსტრიული შესაძლებლობების შემცირებას. ჩვენთან ერთად, მოკავშირეთა თუ პარტნიორთა ქმედებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, რუსეთის მიერ მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი ნახევარზე მეტად შემცირდება“ - აცხადებს ამერიკის ლიდერი.
ჯო ბაიდენის თქმით, ეს ყოველივე დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის უნარს, „გააგრძელოს სამხედრო სექტორის მოდერნიზება. ეს გამოიწვევს თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო ინდუსტრიების დეგრადაციას. და ეს იქნება მძლავრი დარტყმა პუტინის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებზე“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„პუტინის არჩევანი, დაეწყო სრულიად გაუმართლებელი ომი უკრაინაში, რუსეთს დასუსტებულს დატოვებს, დანარჩენ სამყაროს კი - გაძლიერებულს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მისი თქმით, „თვისუფლება, დემოკრატია, ადამიანური ღირსება - ეს ისეთი ძალებია, რომლებიც გაცილებით მტკიცეა, ვიდრე შიში და ჩაგვრა. მათ ვერ ამოძირკვავს პუტინის და მისი არმიის მსგავსი ტირანები. მათ ძალადობის და დამცირების ვერანაირი მოცულობით ვერ წაშლი ადამიანის გულებიდან და იმედებიდან. ისინი უძლეველნი არიან“.