Accessibility links

Breaking News

გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს რუსეთის ქმედებას


გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული კენჭისყრა. 25 თებერვალი, 2022 წ.

2 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ხმის დიდი უმრავლესობით დაგმო რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასამბლეამ მოითხოვა, რომ „რუსეთის ფედერაციამ სასწრაფოდ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

როცა გაეროს გენერალური ასამბლეის იშვიათ, საგანგებო მოწვევის სესიაზე კენჭისყრა მიმდინარეობდა, რუსული ტანკები უკრაინულ ქალაქებში შედიოდა, რუსული რაკეტები კი მშვიდობიანი მოსახლეობის ინფრასტრუქტურას ეცემოდა და ასობით უდანაშაულო ადამიანს კლავდა. გაეროს რეზოლუციას 141-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 5-მა ავტორიტარულმა ქვეყანამ ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა. 35-მა თავი შეიკავა. მათ შორისაა: კუბა, ინდოეთი, ვენესუელა და ირანი.

„როგორც კენჭისყრამ აჩვენა“, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, „საერთაშორისო საზოგადოების დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირეულ პრინციპებს და გაეროს ქარტიას. ის დგას რუსეთის უპასუხისმგებლო მცდელობის წინააღმდეგ, ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს სხვა სუვერენული ქვეყნის საზღვრები და ჩაანაცვლოს უკრაინელი ხალხის ნება საკუთარი ნებით“.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამართული კენჭისყრა აჩვენებს შემდეგს: ქვეყნების უმრავლესობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „თავს ესხმის არამარტო უკრაინას, ის თავს ესხმის გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარ ფუნდამენტს“. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თუ ჩვენ წინ არ აღვუდექით პუტინის რუსეთს, „ეს მსოფლიოს მხოლოდ შემდგომ ქაოსს და აგრესიას მოუტანს. რუსეთი იზოლირებულია მარტო ოთხი სასტიკი, ავტორიტარული ქვეყნების მხარეს“.

კენჭისყრის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებს უთხრა: „გენერალური ასამბლეის გზავნილი ხმამაღალი და მკვეთრია: უკრაინაში საომარი ქმედება ახლავე უნდა შეწყდეს... გაეროს ქარტიის თანახმად, პატივი უნდა ეცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ლინდა თომას-გრინფილდმა, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კენჭისყრის შემდეგ განაცხადა: საჭიროა „კვლავაც ერთიანად გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. და მოდით, ვაჩვენოთ ყველას, თუ რაში მდგომარეობს გაეროს ნამდვილი ძალა და ნამდვილი დანიშნულება“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „დაფუძნდა იმისთვის, რომ მომავალი თაობები ომის საშინელებებისგან ეხსნა“. ბაიდენის თქმით, „ჩვენ ერთობლივად უნდა ვაგებინოთ პასუხი რუსეთს საკუთარი ქმედებისთვის და ამას გავაკეთებთ კიდეც. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს ტირანიაზე“.

XS
SM
MD
LG