Accessibility links

Breaking News

კრემლის მცდელობა, დაუმალოს სიმართლე თავის მოქალაქეებს


ალექსეი ვენედიქტოვი, "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, 2022 წლის 3 მარტს, მაუწყებლობის გაუქმების შემდეგ.

რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მანქანა ყოველ ღონეს ხმაარობს იმისთვის, რომ თავის მოქალაქეებს, რუს ხალხს, დაუმალოს სიმართლე და სრული მასშტაბი ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაზე განხორციელებული უაზრო და არაპროვოცირებული თავდასხმის თაობაზე. დღეების და კვირების მანძილზე, ვიდრე კრემლი უკრაინაში შეიჭრებოდა, რუსეთის სახელმწიფო მედია, სოციალური ქსელების პლატფორმები და სხვა მედია-საშუალებები გაივსო აღმაშფოთებელი დეზინფორმაციით, რომელიც ავრცელებდა გაუგონარ სიცრუეს ერთადერთი მიზნით: დაერწმუნებინათ რუსი ხალხი იმაში, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში შეჭრა აუცილებლობას წარმოადგენდა. მათი მიზანი იყო უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ (ნაცისტებისგან გათავისუფლება). ორივე მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს.

24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მორიგი ინტერვენცია დაიწყო, რუსეთის მთავრობა მცდელობას არ აკლებს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ვერაფერი შეიტყონ იმაზე, თუ რეალურად რა ხდება უკრაინაში. მათ შორის, ამ კონტექსტში ტერმინის „ომი“ ხსენებაც კი აკრძალულია.

„კრემლი მედიის დამოუკიდებლობაზე და სიმართლეზე სრულმასშტაბიან თავდასხმას აწარმოებს და მოსკოვის მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და შეზღუდოს სიმართლე სასტიკი იერიშის შესახებ, თანდათან უფრო ინტენსიური ხდება“ - თქვა წერილობით გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

1 მარტს, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა უბრძანა „როსკომნადზორს“, მედიის და კომუნიკაციების მაკონტროლებელ სამთავრობო უწყებას, რომ შეემცირებინა წვდომა მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელ წყაროებზე, როგორიცაა: რადიო „ეხო მოსკვი“ და ტელემაუწყებლობა „დოჟდი“. მათ დაუბლოკეს ვებგვერდები და შეუჩერეს ეთერში გასვლის საშუალება. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ აამოქმედა კანონი, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება მათ, ვინც რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე „ყალბ“ ინფორმაციას გაავრცელებს.

„რუსეთის მთავრობა ასევე აკონტროლებს „ტვიტერის“, „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ინფორმაციის და აზრის გასაგებად, თუ ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან საკონტაქტოდ, ათობით მილიონი რუსეთის მოქალაქე ეყრდნობა“ - თქვა ნედ პრაისმა. თუმცა, ეს კიდევ ერთი მიმართულება აღმოჩნდა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ზღუდავს და აკონტროლებს იმას, „თუ რა, როგორ და სად შეიძლება რუსეთის მოქალაქეებმა ნახონ, რათა გაუზიარონ ერთმანეთს სიმართლე და მტკიცებულებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ “ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

„ეს ომი რუს ხალხს არ აურჩევია, პუტინმა აირჩია. მათ აქვთ უფლება იცოდნენ უკრაინელთა სიკვდილზე, ტანჯვაზე და იმ დესტრუქციაზე, რომელიც მათი მთავრობის მიერაა გამოწვეული“ - აცხადებს ნედ პრაისი.

„რუს ხალხს ასევე აქვს უფლება იცოდეს ამ უაზრო ომის ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც მათივე ჯარისკაცებში ფიქსირდება. ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, პატივი სცეს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და ნაკისრ პასუხისმგებლობას, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა, გაიყვანოს ყველა ჯარისკაცი უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

XS
SM
MD
LG