შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ბევრი საკითხი განიხილა, რათა ამერიკა-რუსეთს შორის „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.
მათ შორის ერთ-ერთია სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი, რაშიც განიარაღებაც შედის. პრეს-ბრიფინგზე პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის წამოწყებაში. ამ დიალოგის მეშვეობით, შეერთებული შტატები და რუსეთი შეეცდებიან გზა გაუკვალონ განიარაღების მომავალს და რისკების შემცირების ზომებს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტებმა ხანგრძლივად იმსჯელეს, კიბერუსაფრთხოება იყო. ეს გამოიწვია რუსეთის უცხოეთის დაზვერვის მიერ განხორციელებულმა „სოლაუინდის“ იერიშმა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ასობით კომპიუტერული სისტემა დააზიანა და ასევე გამოსასყიდის მიღების მიზნით მომხდარმა თავდასხმების მთელმა სერიამ, რომელთა წყაროც რუსეთი იყო. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, „ჩვენ შევთანხმდით, რომ დავავალებთ ორივე ქვეყნის ექსპერტებს, იმუშაონ [კიბერ-შეჭრის] ლიმიტებზე და იმ კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებაზე, რომელიც... ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს“.
ასევე განხილულ იქნა სირიაში მილიონობით ადამიანისთვის შეერთებული შტატების და რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ავღანეთიდან ტერორიზმის წარმოშობის აღკვეთაში შესაძლო კონტრიბუციას ორივე ქვეყნის მხრიდან. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ირანის რეჟიმმა ვერასდროს ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ისეთი მწვავე საკითხებიც წამოწია წინ, როგორიცაა „შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე ერთგულების“ გამოხატვა. მან ასევე უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ „ადამიანის ულებები ყოველთვის იქნება განსახილველ საკითხებს შორის... ეს იმას ეხება, თუ რანი ვართ ჩვენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა საუბარი წამოიწყო რუსეთის ოპოზიციის დაჭერილ ლიდერ ალექსეი ნავალნიზე. ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, მან გარკვევით უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, „ეს რუსეთს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს“. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ აღძრულ საკითხებს შორის იყო შეერთებული შტატების სამაუწყებლო ქსელის „რადიო თავისუფლებლება/რადიო თავისუფალი ევროპის“ შევიწროების ფაქტი. ის რუსეთის პრეზიდენტს ხაზგასმით ესაუბრა „მედიის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე“.
ბაიდენის შეფასებით, საათობით გაგრძელებული სამიტის ტონი „პოზიტიური“ იყო. პრეზიდენტის განცხადებითვე, მან გააკეთა ის, რისთვისაც შეხვედრაზე მივიდა: გამოეკვეთა ის სფეროები, სადაც ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია მსოფლიოსთვის სასარგებლო, ერთობლივი ინტერესების დაწინაურება; პირდაპირ ეთქვა, რომ შეერთებული შტატები არ დააყოვნებს პასუხს, როცა მისი სასიცოცხლო ინტერესები საფრთხის ქვეშ დგება; და გარკვევით განემარტა ქვეყნის ფასეულობები.
„წინ უფრო მეტი სამუშაოა“ - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. თუმცა, „ახლა ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტს, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთთან მოქცევას და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის განვითარებას“.