Accessibility links

Breaking News

რუსეთი ადამიანის უფლებათა 2020 წლის ანგარიშში


პოლიცია აკავებს ანასტასია ვასილიევას, ალექსეი ნავალნის ექიმს და "ექიმთა ალიანსის" ხელმძღვანელს.
პოლიცია აკავებს ანასტასია ვასილიევას, ალექსეი ნავალნის ექიმს და "ექიმთა ალიანსის" ხელმძღვანელს.

რუსეთს ძლიერ ცენტრალიზებული ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა აქვს, რომელშიც 2020 წელს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფართო სპექტრი ფიქსირდებოდა. ამასთან, ეს დარღვევები ხშირად დაუსჯელობის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლეს ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ.

რუსეთის მთავრობის ან მისი აგენტების მხრიდან, ბევრჯერ ჰქონდა ადგილი უკანონო, ან სადავო მკვლელობათა ჩადენის, თუ მკვლელობის მცდელობის ფაქტებს. ყველაზე თვალსაჩინო კი ოპოზიციის აქტივისტის და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნის შემთხვევაა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს.

ასევე გავრცელდა სანდო ცნობები რუსეთის ხელისუფალთა მიერ პოლიტპატიმრების დაჭერის თაობაზე, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დაკავების და გასამართლების შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, პოლიტიკურ პატიმრებს საკანში მძიმე პირობებში ათავსებდნენ, ზოგჯერ მარტოდმარტო და ზოგჯერ, დასჯის მიზნით - ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალი“ შეადგინა სია, რომელშიც დეკემბრის მონაცემებით, პოლიტმატიმართა გვარების რაოდენობა 358-ს აღწევდა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი ქვეყანაში რეალურად ორჯერ ან სამჯერ მეტიც შეიძლება იყოს.

რუსეთის მთავრობამ სერიოზულ ძალადობას საკუთარი ტერიტორიის მიღმაც არაერთხელ მიმართა, მათ შორის - ყირიმის ნახევარკუნძულზე ყირიმელი თათარი მოსახლეობის და სხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლება ყირიმში პოლიტიკური მოტივებით აკავებდა, აპატიმრებდა და ასამართლებდა უკრაინის მოქალაქეებს. აქედან ბევრი ამბობს, რომ მათ აწამებდნენ. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ხელისუფლება აგრძელებდა პრორუსი ძალების შეიარაღებას, წვრთნას და ბრძოლას. სარწმუნო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაშავება, სწორედ რუსეთის წინამძღოლობით მოქმედი ძალების მიერაა ჩადენილი.

რუსეთის ხელისუფლება აგრძელებდა მედიაზე ძალიან მჭიდრო კონტროლს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ცენზურა და თვითცენზურა ფართოდ იყო გავრცელებული ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიაში და ინტერნეტში. ეს განსაკუთრებით ეხებოდა მთავრობის და მისი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ წყაროებს. შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მხრივ რუსეთში არსებული პრობლემები, მთავრობის მხრიდან უფლებადამცველებზე მიტანილი იერიშების გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ, კიდევ უფრო გააღრმავა.

რუსეთის ხელისუფლება აგრძელებდა ექსტრემიზმის ფართო გაგების არასწორ გამოყენებას, რათა კიდევ უფრო ჩაეხშო მოქალაქეთა მიერ შეკრების თავისუფლების, თუ რელიგიის და რწმენის თავისუფლების უფლებათა გამოყენება. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აკრძალულია “იეღოვას მოწმეთა” აღმსარებლობა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული აქტივობა. იეღოვას მიმდევრებს აკავებენ, აპატიმრებენ, ან შინაპატიმრობას უსჯიან და კანონით დევნიან, როგორც „აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის“ წევრებს.

როცა ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, „ცდილობს ძირი გამოუთხაროს“ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, „ჩვენ წინ აღვუდგებით და ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“ - განაცხადა ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG