ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეაშფოთა რუსეთის ოფიციალურ პირთა გადაწყვეტილებამ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის თავისუფლების აღკვეთის განაჩენის გამოტანის თაობაზე. ნავალნის ორი წელი და რვა თვე მიუსაჯეს, რითაც პირობითი სასჯელი, აღნიშნული ვადით ციხეში მოხდით ჩანაცვლდა.
როგორც რუსეთის ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, ბატონ ნავალნისაც აქვს რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, თქვა განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მეტიც, რუსეთს აქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც, პატივი სცეს კანონის წინაშე თანაბარ უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
სასამართლო მოსმენაზე, ვიდრე მას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ, ბატონმა ნავალნიმ აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს მისი დაპატიმრება შეუძლიათ, მაგრამ „ასობით ათას [რუსეთის მოქალაქეს] ვერ დააპატიმრებენ. ამას უფრო და უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს. და როცა ამას მიხვდებიან - და ეს დრო დადგება - ყველაფერი დაიშლება, რადგან მთელ ქვეყანას ვერ დააპატიმრებთ“.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოწყობილ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსეთის 120 ქალაქში ზედიზედ რამდენიმე უქმეზე გაიმართა, ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე გამოვიდა. ისინი მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი. მასთან ერთად ასევე უნდა გათავისუფლდეს ასობით რუსეთის დანარჩენი მოქალაქე, რომლებიც ბოლო კვირების მანძილზე, საკუთარი უფლებების გამოყენების გამო, უსამართლოდ დააკავეს. ისინი სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობდნენ.
ბლინკენის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნის მიხედვით, ბატონი ნავალნისთვის 2014 წელს გამოტანილი განაჩენი „უკანონო და საკამათოა“, ასევე - „პოლიტიკურად მოტივირებულიც“. სასამართლოს ახლანდელი განაჩენიც, რომელიც 17 იანვარს მის დაკავებას მოჰყვა, ბატონი ნავალნის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის მცდელობაა, როგორც ეს წინა სასჯელთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ რუსეთთან შეერთებული შტატების ინტერესების დაწინაურებაზე ვმუშაობთ“, ამბობს სახელმწიფო მდივანი, „ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინაციით და მჭიდრო თანამშრომლობით, რუსეთს პასუხს ვაგებინებთ იმისთვის, რომ მან საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა ვერ უზრუნველყო“.