Accessibility links

Breaking News

ნავალნის მოწამვლა გამოძიებულ უნდა იქნას


მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, გერმანელი ექიმების ცნობით, ხელოვნური სამედიცინო კომიდან გამოვიდა და სიტყვიერ გამღიზიანებლებზე რეაგირებს. თუმცა, შარიტეს საავადმყოფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჯერ ძალიან ადრეა მძიმე მოწამვლის პოტენციურ გრძელვადიან შედეგებზე საუბარი“.

ბატონი ნავალნი ბერლინში რუსეთიდან მას შემდეგ გადააფრინეს, რაც ის 20 აგვისტოს, ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე ცუდად გახდა. ოჯახის თხოვნით, რუსი ექიმები მის გერმანიაში გადაყვანაზე დათანხმდნენ. ბერლინში გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ბატონი ნავალნი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსია, „ნავიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით იყო მოწამლული, რუსეთში შექმნილი ქიმიური იარაღით.

როგორც კი გერმანელმა სამედიცინო ექსპერტებმა საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნეს, შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა მოუწოდა „რუსეთის ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ინციდენტზე პასუხისმგებელი მხარეები“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანმა განაცხადა, რომ ბატონი ნავალნის მოწამვლა „ბოლომდე დასაგმობი“ ფაქტია.

„რუსეთმა წარსულში გამოიყენა ქიმიური ნერვული აგენტი, და ჩვენს მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა ფინანსური შეზღუდვებით აგოს პასუხი მავნებლურ აქტივობებზე იმის მიხედვით, რასთანაც [საქმის] მტკიცებულება მიგვიყვანს. რუს ხალხს აქვს საკუთარი შეხედულებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლება და ეს ყოველგვარი შურისძიების,უდავოდ - ქიმიური აგენტის - შიშის გარეშე უნდა მოხდეს,“ - განაცხადა მან.

გაუსვა რა ხაზი კოლექტიური საპასუხო რეაქციის საჭიროებას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს მოკავშირეები „ერთობლივად გმობენ“ ბატონ ნავალნიზე მიტანილ „საშინელ“ იერიშს და მოუწოდებენ რუსეთს, მონაწილეობა მიიღოს მკვლელობის მცდელობის გარემოებების დადგენის მიზნით, მიუკერძოებელ საერთაშორისო გამოძიებაში, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილობითი განცხადება გააკეთეს, რომელიც ასევე მოუწოდებს რუსეთს „სასწრაფოდ და სრულად უზრუნველყოს ამ საძაგელ მომწამვლელ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირის გამჭვირვალედ გასამართლება, რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისადმი რუსეთის ვალდებულებების გათვალისწინებით“.

„ოპოზიციის ლიდერ ნავალნიზე მიტანილი თავდასხმა არის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის დემოკრატიაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე“ - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო მოწოდებებს, გაკეთდეს განმარტებები ბატონი ნავალნის საზარელ მოწამვლასთან დაკავშირებით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დიდი შვიდეულის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ „ეს თავდასხმა მსგავსი იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს“.

XS
SM
MD
LG