Accessibility links

Breaking News

რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე კიდევ უფრო მცირდება


ლევ პონომარიოვი (მარჯვნივ), რუსეთის მიერ "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული.
ლევ პონომარიოვი (მარჯვნივ), რუსეთის მიერ "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული.

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების გაფართოების შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

28 დეკემბერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” სიას ხუთი პირი, მათ შორის გამოჩენილი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და ოთხი ჟურნალისტი: ლიუდმილა სავიცკაია, გაზეთის რედაქტორი დენის კამალიაგინი, ვებგვერდის ჟურნალისტი სერგეი მარკელოვი და მხატვარი და უფლებადამცველი აქტივისტი დარია აპახონჩიჩი დაუმატა. სავიცკაია, მარკელოვი და კამალიაგინი თანამშრომლობდნენ “რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” რუსულენოვან სამსახურთან, რომლის ზემდგომი სააგენტოც, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოა.

რუსეთის მთავრობის ეს ნაბიჯი პირველი შემთხვევაა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს სიაში შეიყვანეს არა ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირები, რაც მათ დააყენებს გაძლიერებული ბიუროკრატიული შემოწმებების, ანგარიშების წარდგენის მოთხოვნების, ფინანსური აუდიტების და მკაცრი სასჯელების წინაშე, თუ კანონის დრაკონულ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან.

რუსეთმა ეს კანონი პირველად 2012 წელს მიიღო, რომელიც საშუალებას აძლევდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები, რომლებსაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულად მიიჩნევდა, უცხოეთის აგენტებად ჩაეთვალა. მოგვიანებით კანონი გაფართოვდა და მედია საშუალებებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებსაც შეეხო.

2020 წლის 31 დეკემბერს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დამატებით კანონპროექტს, რომელიც აფართოებს იმ პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც პიროვნება ან იურიდიული პირი შესაძლოა ოფიციალურად “უცხოეთის აგენტად” ჩაითვალოს და ზრდის სასჯელის ზომებს. მათ შორის, შესაძლო ციხეში თავისუფლების აღკვეთითაც პირებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც “უცხოეთის აგენტად” არიან შერაცხული და ოფიციალურ ორგანოებს თავისი სტატუსის შესახებ არ შეატყობინებენ, ან საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე უარს იტყვიან. ‘საერთაშორისო ამნისტიამ” კანონს უწოდა “ახალი კუდიანებზე ნადირობა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ადამიანის უფლებების დამცველთა წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიანობას და ღირსებას იცავენ”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე კეილ ბრაუნმა “ტვიტერზე” თქვა, რომ რუსეთის მთავრობა, მედიიდან ხუთი პირის უცხოეთის აგენტად გამოცხადებით, “დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შექმნით... საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს აძლიერებს”.

პრეს-მდივნის მოადგილე ბრაუნმა ასევე აღნიშნა, რომ “რუსეთი იღებს ახალი კანონების წყებას, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს მთავრობის უფლებას, კიდევ უფრო შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, და უზრუნველყოფს დამატებით საშუალებებეს იმისთვის, რომ უხერხული ფაქტები მიჩქმალოს და განსხვავებული ხმა ჩაახშოს”.

მან იქვე დაამატა: “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები განსაკუთრებით შემაშფოთებელია. [ეს] ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გართულებული რეგისტრაციის და სახელის მინიჭების მოთხოვნები შერჩევით დააწესოს, ორგანიზაციის საქმიანობას ვეტო დაადოს და ამ კანონის დამრღვევები ციხეში გაუშვას. რუსეთს მოვუწოდებთ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს პატივი სცეს”.

XS
SM
MD
LG