Accessibility links

Breaking News

ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია


ენტონი ბლინკენი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, მის მცველთა დამსახურება უნდა აღინიშნოს და მათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, პასუხი უნდა აგონ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე.

„როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ამბობს, ადამიანის ყველა უფლება საყოველთაო, განუყოფელი, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია“ - თქვა ბლინკენმა.

„შეერთებული შტატები დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევს, რადგან ეს არსებითია მშვიდობის და სტაბილურობისთვის. ეს მტკიცე ერთგულება გახლავთ და დემოკრატიის ჩვენეულ გამოცდილებას ემყარება - არასრულყოფილს და ხშირად საკუთარ იდეალებს ჩამოცილებულს, მაგრამ ისეთს, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს უფრო ინკლუზიური, ღირსეული და თავისუფალი ქვეყანა“ - უთხრა ბლინკენმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეკრებილებს.

ეს ასევე მთავარი მიზეზია რამდენიმე სხვას შორის, რის გამოც შეერთებულ შტატებს აქვს სურვილი, აირჩიონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად, 2022-2024 წლებში.

ბლინკენის თქმით, „ფოკუსში იქნება ის, რომ საბჭოს წევრობა ასახავდეს ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტებს. საბჭოს წევრები არ უნდა გახდნენ ისინი, ვისაც ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე უარესი მდგომარეობა აქვს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საბჭოს წევრობა და საქმიანობა დაიხვეწოს, რათა მან კიდევ უფრო მეტად შეძლოს მთელი მსოფლიოს ხალხთა უფლებების დაწინაურება“.

ძალიან ბევრი წევრი სახელმწიფო აქებს და ადიდებს ადამიანის უფლებათა დაცვას, მაშინ როცა ისინი მუშაობენ იმ ფასეულობების დამხობაზე, რომელზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა დაფუძნებული. თითოეული ჩვენგანი, როგორც ინდივიდი, დაჯილდოებული ვართ ადამიანის უფლებებით და... სახელმწიფოები მოვალენი არიან დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

მისი განცხადებით, „პასუხი უნდა აგონ იმათ, ვინც ეკონომიკური განვითარების მანტიის ქვეშ, ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, მათ შორის - საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამრღვევებმა. ჩვენ კვლავაც ვამხელთ უფლებებზე მოძალადეებს ვენესუელაში, ნიკარაგუაში, კუბასა და ირანში. ჩვენ გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის მთავრობის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ალექსეი ნავალნი, ისევე როგორც რუსეთის ასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც საკუთარი უფლებებით სარგებლობისას უსამართლოდ დააკავეს. ჩვენ ვისაუბრებთ საყოველთაო ღირებულებებზე, როცა საშინელებებს სჩადიან სინძიანში, ან როცა ფუნდამენტურ თავისუფლებებს ძირს უთხრიან ჰონგ-კონგში“.

„შეერთებული შტატები ბოლომდე ერთგულია ადამიანის უფლებების დაწინაურების და საყოველთაო დაცვის“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მეგობრებთან, პარტნიორებთან და ყველა რეგიონის არასამთავრობო ჯგუფებთან ერთობლივ თანამშრომლობას, რათა ერთად უზრუნველვყოთ საბჭოს მანდატის დაცვა და ეფექტური წვლილის შეტანა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.

XS
SM
MD
LG