Accessibility links

Breaking News

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნდა


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომათა დარბაზი ჟენევაში
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომათა დარბაზი ჟენევაში

8 თებერვალს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები სასწრაფოდ უბრუნდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში (UNHRC) საქმიანობას.

შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია საგარეო პოლიტიკის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და თანასწორობას. „საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტურად გამოყენება ამ ხედვის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება და ამ მიმართულებით, პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] სახელმწიფო დეპარტამენტი დააკვალიანა, რომ სასწრაფოდ და მყარად ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში“ - განმარტა განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ის ამავე დროს აცნობიერებს, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს „ესაჭიროება მიზნების, წევრობის და ფოკუსის რეფორმირება, ისრაელთან ორმაგი სტანდარტის მქონე მიდგომის ჩათვლით“ - ამბობს ბლინკენი. თუმცა, სახელმწიფო მდივნის თქმით, საბჭოდან „ჩვენმა გასვლამ 2018 წლის ივნისში, არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოიწვია. სამაგიეროდ, შეერთებული შტატების ლიდერობის მიმართულებით შეიქმნა ვაკუუმი, რომლის თავის სასარგებლოდ გამოყენებასაც ცდილობდნენ ავტორიტარული მიზნების მქონე სახელმწიფოები“.

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა, საბჭოში მუშაობა და მისი შიგნიდან სრულყოფაა, აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

„როცა ის დაფუძნების იდეის შესაბამისად მუშაობს, საბჭოს შეუძლია იყოს ძლიერი იარაღი ფუნდამენტური უფლებების დაწინაურების მხრივ, გოგონების, „ლგბტქი+“ საზოგადოების წევრთა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების დაცვისთვის. პარალელურად კი შეუძლია მთელ მსოფლიოში გაზარდოს ადამიანის უფლებების დამრღვევთა ანგარიშვალდებულება“- აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

ჟენევაში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ამერიკის დაბრუნების პროცესი დაწყებულია. შეერთებული შტატების მისიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორგანიზაციის რეგულარულ შეხვედრაში და მიანმარში შექმნილი სიტუაციისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაზე.

პრესსპიკერ პრაისის თქმით, ჯერჯერობით ამერიკის „ჩართულობა დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, საბჭოში სიტყვით გამოვიდეთ, მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში და ვიმუშაოთ პარტნიორებთან“.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ როცა შეერთებული შტატები საბჭოში კონსტრუქციულადაა ჩართული, მოკავშირეებთან და მეგობრებთან თანხვედრაში, პოზიტიური ცვლილება ხელმისაწვდომი ხდება“.


XS
SM
MD
LG