ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ჯო ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტმა გადადგა, აღმასრულებელი განკარგულება იყო, რომლის საფუძველზეც შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებაში დაბრუნდა.
პარიზის შეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წლის დეკემბერში, კლიმატური ცვლილებების თემაზე პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ მიიღო. ის ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა და მას, 2021 წლის 25 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 190 წევრი სახელმწიფო აწერს ხელს. პარიზის შეთანხმება უპრეცედენტო ჩარჩო-კონვენციაა, რომელიც პლანეტის კატასტროფულად დათბობის თავიდან აცილების მიზნით, გლობალურ, ერთობლივ ქმედებებს ითვალისწინებს.
შეთანხმების მიზანია, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მიმდინარე ზრდა, ინდუსტრიალიზაციამდელ დონესთან შედარებით, ცელციუსით 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს. საუკუნის ბოლომდე, სამიზნედ მხოლოდ 1.5 გრადუსით გაზრდაა აღებული. თუმცა, ამ დონეზეც კი, მეცნიერები მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ, მათ შორის - ზღვის დონის კატასტროფულ მატებას და კიდევ უფრო ძლიერ შტორმებს, გვალვებს და ხანძრებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა მისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი იქნება. შესაბამისად, პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნება მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი დაპირება იყო. პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაშიც თქვა, რომ „თავად პლანეტისგან ისმის ვედრება ხსნის თაობაზე. ვედრება ამაზე უფრო სასოწარკვეთილი, ან ამაზე უფრო მკაფიო ახლა ვერაფრით იქნებოდა“.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, პარიზის შეთანხმებაში დაბრუნება პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკის გაცილებით უფრო ფართო პრიორიტეტის ნაწილია, კერძოდ - „მთელ მსოფლიოში ალიანსების და პარტნიორობის ხელახალი აღმშენებლობის და გლობალურ მაგიდასთან ამერიკის კუთვნილი ადგილის დაკავების. როგორც ხედავთ, ამაში დავრწმუნდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი დაბრუნებით; მისი გეგმებით, მეტად ჩაერთოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საერთო სამუშაოებში, რომელთა სამიზნე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს წინაშე არსებულ ბევრ საფრთხესთან გამკლავებაა“.
ამასთან ერთად, ბაიდენმა ისტორიაში პირველად დანიშნა პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში. პოსტზე მან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა, რათა დარწმუნდეს, რომ კლიმატის თაობაზე არსებული შეშფოთებები მოლაპარაკების ყველა მაგიდასთან იყოს წარმოდგენილი, მათ შორის ე.წ. სიტუაციების ოთახში.* ჯონ კერი გაუძღვება შეერთებული შტატების დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა კლიმატური ცვლილებების შენელების გლობალურ ამბიციაში, გაიზარდოს ამერიკის, როგორც ლიდერის როლი.
საერთაშორისო საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა შეერთებული შტატების დაბრუნებას პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა: „ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვიქნებით თანამედროვე გამოწვევების პირისპირ. უფრო ძლიერნი ვიქნებით ჩვენი მომავლის მშენებლობის საქმეში. უფრო ძლიერნი ვიქნებით ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში... კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პარიზის შეთანხმებაში!“
______
* სიტუაციების ოთახი - შეკრების ადგილი, მთელი კომპლექსი თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში, სადაც საგანგებო შეხვედრების მოწყობა 24 საათის მანძილზეა შესაძლებელი. ის ასევე ერთგვარი საკომუნიკაციო არხია, განსაკუთრებით - მგრძნობიარე, ან საიდუმლო თემებთან დაკავშირებით.