ცივ ქარში მოფრიალე ათასობით დროშის ფონზე, ჯოზეფ რობინეტ ბაიდენმა 20 იანვარს, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის კიბეებზე, საპრეზიდენტო ფიცი დადო.
საინაუგურაციო მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, ამერიკელებს ეროვნული გამოწვევების დაძლევის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ისტორია, რწმენა და კეთილგონიერება გაგვიძღვება ერთობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთში არა მეტოქე, არამედ მეზობელი დავინახოთ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ღირსებით და პატისცემით მოვეპყროთ. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები, შევწყვიტოთ ყვირილი, დავუწიოთ დუღილის ტემპერატურას... ეს ჩვენთვის კრიზისის და გამოწვევების ისტორიული მომენტია და წინსვლის გზას მხოლოდ ერთობით გავუდგებით“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტს სათქმელი მათთვისაც ჰქონდა, ვინც შეერთებული შტატების საზღვრების მიღმა იმყოფება:
„შევაკეთებთ ჩვენს ალიანსებს და მსოფლიოს საქმეებში კიდევ ერთხელ ჩავერთვებით, მაგრამ არა გუშინდელი გამოწვევების დასაძლევად, არამედ დღევანდელ და ხვალინდელ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად. ჩვენ ვიქნებით ლიდერები არა უბრალოდ ძალის პოზიციიდან, არამედ საკუთარი ძლიერი მაგალითის საფუძველზე. მშვიდობის, პროგრესის და უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენ ძლიერი და სანდო პარტნიორები ვიქნებით“.
იმ დღესვე, მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიზნების გათვალისწინებით, რამდენიმე აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. ერთ-ერთი მათგანი იყო შეერთებული შტატების დაბრუნების პროცესი პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში. მეორე ბრძანებულებით შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის პროცესი. ერთ-ერთმა განკარგულებამ მოხსნა აკრძალვა, რომელიც უმეტესად მუსლიმი უმრავლესობით დასახლებული ქვეყნებიდან, ასევე აფრიკიდან თუ სხვა ადგილებიდან, ამერიკაში შემოსვლას ზღუდავდა. კიდევ ერთი ბრძანებით შეჩერდა მექსიკასთან შეერთებული შტატების საზღვარზე მშენებარე კედელი და გაუქმდა შესაბამისი საგანგებო ვითარების დეკლარაცია, რომელიც ამ კედლის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.
საინაუგურაციო მიმართვაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატების ხალხებს „ახალი თავის გადაფურცვლისკენ“ მოუწოდა. ქვეყნის მოსახლეობას მან სთხოვა: ერთად „დავწეროთ ამერიკული იმედის და არა შიშის ისტორია, ერთობის და არა დაყოფის ისტორია... მოთხრობა, რომელიც მომავალ თაობებს მოუყვება, თუ როგორ გავეცით ჩვენ პასუხი ისტორიის ძახილს... რომ ჩვენმა ამერიკამ შეძლო დაეცვა თავისუფლება შინ და ყოფილიყო საიმედო დასაყრდენი მთელი მსოფლიოსთვისაც“.