შეერთებული შტატების სუვერენიტეტის და მისი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებისთვის, ვაშინგტონი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. კერძოდ, მოსკოვი პასუხისმგებელია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის და კიბერიერიშებისთვის, რომელთა სამიზნე შეერთებული შტატების ფედერალური სააგენტოები და ამერიკული კომპანიები იყო.
შეერთებული შტატები სხვადასხვა ზომებით რუსეთს საზღაურს ახდევინებს. მათ შორის, ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს კიბერიერიშების განხორციელებაში დაეხმარა.
ამერიკის მთავრობამ საჯაროდ დაასახელა რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახური (Russian Foreign Intelligence Service-SVR/Служба внешней разведки Российской Федерации), როგორც დამნაშავე კიბერდაზვერვის კამპანიაში. მან თავდასხმაში ამერიკული „სოლარუინდს ორიონის“ პლატფორმა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურები გამოიყენა. ამ თავდასხმამ რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურს მისცა შპიონაჟის, ან პოტენციურად, 16 ათასზე მეტი კომპიუტერული სისტემის მუშაობისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 32 სუბიექტს და ინდივიდს, რომელთაც რუსეთის მთავრობის მითითებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ან სხვა სახის დეზინფორმაცია სცადეს. დამატებით, ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა დირექტივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებს 14 ივნისიდან უკრძალავს ახალი შესყიდვების წარმოებას რუსეთის ცენტრალური ბანკიდან, ფინანსთა სამინისტროდან, ან ეროვნული საგანძურის ფონდიდან, იქნება ეს რუსული რუბლი, თუ სხვა დასახელების აქციები.
ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მყოფი რუსეთის დიპლომატიური მისიიდან 10 ოფიციალურ პირს აძევებს. მათ შორის, ზოგიერთი რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელია.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების პასუხს რუსეთის მთავრობის მავნებლურ ქმედებაზე „აწონილი და პროპორციული“ უწოდა.
„შეერთებული შტატები არ ესწრაფვის ესკალაციის ციკლის წამოწყებას და რუსეთთან კონფლიქტს. ჩვენ სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა გვსურს... ჩვენს შორის კონკურენციის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ორივე ჩვენი ქვეყანა ახერხებდა გზების გამონახვას დაძაბულობათა განმუხტვისთვის და ერთმანეთის უკონტროლო ესკალაციისგან დაცვას“.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა ის, თუ როგორ მუშაობდნენ ახალი „სტარტის“ ხელშეკრულებაზე ერთობლივად შეერთებული შტატები და რუსეთი, მისი ადმინისტრაციის პირველ პერიოდში. შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის ბირთვული სტაბილურობის შენარჩუნების ხელშეწყობა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ახლახან, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს, მას ევროპაში უმაღლესი დონის შეხვედრის მოწყობა შესთავაზა, რომელზეც ზაფხულში, ორი ქვეყნის ლიდერები პირადად ისაუბრებენ და უფრო ეფექტური ურთიერთობის მიღწევაზე იმუშავებენ.
პრეზიდენტის თქმით, „ახლა დეესკალაციის დროა. წინსვლის გზა გააზრებულ დიალოგზე და დიპლომატიურ პროცესზე გადის“.
„როცა ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიმუშავებთ კიდეც რუსეთთან ერთად“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მაგრამ, „როცა რუსეთი ცდილობს შეერთებული შტატების ინტერესებში შეიჭრას, ის ჩვენგან პასუხს მიიღებს“.