Accessibility links

Breaking News

რუსეთს სამიზნეში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა გამიზნულად ჰყავს ამოღებული


დაბომბილი სახლი ქ. მარიუპოლში, უკრაინა
დაბომბილი სახლი ქ. მარიუპოლში, უკრაინა

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება ვლადიმირ პუტინის გზავნილია.

“ რუსული ბომბები ხვდება სკოლებს, საავადმყოფოებს და საცხოვრებელ შენობებს. ისინი ანადგურებენ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რაც უკრაინაში მილიონობით ადამიანისთვის უზრუნველყოფს სასმელ წყალს, სიცივისგან დასაცავად გაზს და ელექტროენერგიას. დაიბომბა ავტობუსები, მანქანები სამოქალაქო პირებით და სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი. რუსეთი ამას მთელ უკრაინაში ყოველდღიურად სჩადის”.

“[დაბომბილი ადგილები] არ წარმოადგენს სამხედრო სამიზნეებს. ესაა ადგილები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მუშაობს და ოჯახები ცხოვრობენ“, განაცხადა ბლინკენმა. “რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ასი მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვების ჩათვლით, და დაიჭრა კიდევ ასობით,” თქვა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბაჩელეტმა. მისი აზრით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რეალური ციფრები გაცილებით მაღალია.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთი გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო პირებს, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ნამდვილად ასე ფიქრობს: “ნამდვილად გვინახავს წარსულში ის, რომ რუსეთის მიერ ომის წარმოების ერთ-ერთი მეთოდია სისასტიკე, რომლითაც ის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეთა გატეხვას ცდილობს. სისასტიკის ნაწილია მოქალაქეთა განურჩეველი და ხშირად გამიზნული მიზანში ამოღება”.

1 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 49-ე სესიაზე გამოსვლისას, ბლინკენმა თქვა, რომ ერთა თანამეგობრობამ “პრეზიდენტ პუტინს უნდა გაუგზავნოს მტკიცე გზავნილი, რომ ის ვალდებულია, უპირობოდ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული თავდასხმა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინიდან“.

„უნდა დავგმოთ, მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად რუსეთის მცდელობა, დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აგეთვე მისი მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების უგულვებელყოფა. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“.

„რუსეთს უნდა შევახსენოთ, რომ ამ უკანონო თავდასხმის პირობებშიც კი, ის ვალდებულია, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს. უარი უნდა ვუთხრათ რუსეთის მცდელობებს, ეს თავდასხმა ყალბად, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით გაამართლოს“.

„და ბოლოს, რუსეთი უნდა ვაიძულოთ, პატივი სცეს ყველა რუსის უფლებებს, მათ შორის - მოქალაქეთა უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ განსხვავებული აზრი და ჟურნალისტთა უფლებას, გადმოსცენ ახალი ამბები და ინფორმაცია მიაწოდონ რუსი სამხედროების ოჯახებს, რომელთა შვილები პრეზიდენტ პუტინის ომში დაიღუპნენ”.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მდგომარეობას. “ყველაფერს ვითვალისწინებთ და დოკუმენტურად აღვწერთ. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება,” თქვა ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG