Accessibility links

Breaking News

გამანეიტრალებელი დეზინფორმაცია - რუსეთის ერთ-ერთი იარაღი


დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული და უმნიშვნელოვანესი იარაღია. ეს არის მთავრობათა დესტაბილიზაციის და მოსახლეობაში ეჭვის დათესვის შედარებით იოლი და იაფი გზა. რუსეთის მთავრობამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მთელი ეკოსისტემა მოაწყო, რომელიც ქმნის და ავრცელებს კრემლის მიზნების მხარდამჭერ ცრუ ნარატივებს. ამისთვის ტყუილებით და დამახინჯებით, გლობალური მასშტაბით ნებისმიერი ამბის ან პოლიტიკური სვლის იარაღად გამოყენებაა შესაძლებელი.

ბოლო დროს ეს ყოველივე უკრაინასთან დაკავშირებითაც აშკარად გამოიკვეთა. დეზინფორმაციის იერიშებმა კულმინაციას 2021 წლის ბოლოს და 2022-ის დასაწყისში მიაღწია, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა. ჩვენ ვიხილეთ „უკრაინის, ნატოს და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის საგულისხმო მცდელობები“ - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, „ეს მოიცავს მავნებლურ ოპერაციებს სოციალურ მედიაში; საჯარო და საიდუმლო ონლაინ პროქსი-მედია საშუალებების გამოყენებას; ტელე და რადიო მაუწყებლობების დეზინფორმაციით ინფიცირებას; კონფერენციების მასპინძლობას, რომელთა მიზანია დამსწრეთა დარწმუნება იმ სიყალბეში, თითქოს რეგიონში დაძაბულობის ზრდის მიზეზი უკრაინაა და არა რუსეთი; კიბერ-ოპერაციების წარმართვა მედია-საშუალებების ავტორიტეტის დასაკნინებლად და ისეთი ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებიც ჰაკერების საშუალებით კერძო ინფორმაციის და კომუნიკაციის მოპოვებას და გამოქვეყნებას ისახავს მიზნად“.

ბლინკენი თვლის, რომ დეზინფორმაციასთან და ფაქტების დამახინჯებასთან ბრძოლის ერთადერთი გზა სიმართლის გადმოცემაა; დეზინფორმაციით მიწოდებული ცნობების უარყოფა მანამ, ვიდრე ეს სიყალბე ფეხს მოიკიდებს; არასწორ შეხედულებათა შესწორება იმის შემდეგაც კი, როცა ეს დამკვიდრებულია და იმ აქტორების და აგენტების მხილება, ვინც დეზინფორმაციით და საკუთარი ცნობებით, ფაქტების დისკრედიტაციას ახდენს.

ეს არის ის, რაც შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა იღონეს, რათა დაპირისპირებოდნენ რუსეთის პროპაგანდას უკრაინის წინააღმდეგ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, „ჩვენ ვნახეთ მოსკოვში დადგმული პოლიტიკური სპექტაკლი, წარმოუდგენელი და უსაფუძვლო ბრალდებები, თითქოს უკრაინა სადაცაა რუსეთში შეჭრებოდა და ომს დაიწყებდა; ვითომ უკრაინა ემზადებოდა ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, რომ უკრაინამ ჩაიდინა გენოციდი. და ეს ყველაფერი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე... სწორედ ამიტომ ჩვენ მსოფლიოს ინფორმაციას გამჭვირვალედ ვაწვდიდით“.

„ჩვენ გავუზიარეთ საიდუმლო მტკიცებები რუსეთის კიბერშეტევებზე და მათი გეგმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავდა ომისთვის ყალბი წინაპირობის შექმნას, რათა ადგილი არ ჰქონოდა დაბნეულობას, ან იმის შელამაზებას, თუ რას სჩადიოდა პუტინი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

სადაზვერვო ინფორმაციისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა და მისი გასაჯაროება უპრეცედენტო სვლა იყო, რომელმაც ხელი შეუშალა ვლადიმირ პუტინის მცდელობას, მოემზადებინა ომის დაწყების დამაბნეველი საბაბი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი იყო წინასწარ ჩაფიქრებული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი.

„არსებობს სიმართლე და არსებობს ტყუილები. სიცრუეს ძალაუფლების და მოგების მიზნით ამბობენ“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „თითოეულ ჩვენგანს აქვს მოვალეობა და პასუხისმგებლობა... რომ დაიცვას სიმართლე და დაამარცხოს ტყუილი“.

XS
SM
MD
LG