Accessibility links

Breaking News

ციფრული ავტორიტარიზმის პირისპირ


ათი წლის წინ, სოციალური მედიის საშუალებით კომუნიკაციამ, არაბული გაზაფხულის დროს, დიქტატორების დამხობას შეუწყო ხელი, თქვა აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა სამანტა პაუელმა. „როგორც ჩანს, დღეს ამის საპირისპირო რამ მოხდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ახალი ტექნოლოგიების დაწინაურება, დემოკრატიის უკუსვლის პარალელურად ხდება... და სინამდვილეში... მას ხელს უწყობდა“.

„მართალია, ციფრულმა ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა უზარმაზარი სამეცნიერო და ეკონომიკური პროგრესი, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ, მათ შორის ამ სამიტზეც. ამასთან ერთად, ამან მთავრობებს საკუთარ ხალხზე თვალთვალის, ცენზურის და რეპრესიების ისეთი საშუალება მისცა, როგორიც მათ ადრე არასდროს ჰქონიათ. ავტორიტარებმა ისწავლეს, რომ მონაცემთა დიდი ბაზები და სოციალური მედია ინტერნეტს აკონტროლებს და ხელოვნურ ინტელექტს მათი კიდევ უფრო გაძლიერება შეუძლია“.

დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ციფრულ ავტორიტარიზმთან დაპირისპირებას და დემოკრატიული ღირებულებების დამტკიცებას ეძღვნებოდა, ადმინისტრატორმა პაუელმა თქვა: იმის გამო, რომ ტექნოლოგიური კომპანიები და ბევრი დემოკრატიული მთავრობა, მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობა, ძალიან ნელი იყო პრობლემის სიმძიმის აღქმაში ან მასზე რეაგირებაში, ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილი რეპრესია მთელ პლანეტაზე გავრცელდა.

„ინტერნეტზე წვდომის მქონე მსოფლიოს 3.8 მილიარდი ადამიანის დიდი უმრავლესობა - დაახლოებით სამი მეოთხედი - ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც გასულ წელს, მთავრობებმა არაძალადობრივი პოლიტიკური და სოციალური შეხედულებების გამოხატვისთვის, ადამიანები დააპატიმრეს და ციხეში გაუშვეს“.

მან იქვე დასძინა: „ავტორიტარებს ექნებათ მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მათ ამის ნებას მივცემთ“. შეერთებული შტატები, დემოკრატიის განახლების საპრეზიდენტო ინიციატივის ნაწილად, რამდენიმე ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს.

პირველი: აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტო თავისი ციფრული დემოკრატიის მიმართულებით მუშაობას გააფართოებს და ამ მიმართულებაში წლიურად 20 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

მეორე: შეერთებული შტატები და პარტნიორები გამოიყენებენ ექსპორტის კონტროლის საშუალებებს, რათა არ დაუშვან იმ პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიის გავრცელება, რომელიც ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის გამოიყენება.

მესამე: შეერთებული შტატები, კანადა და დანია წამოიწყებენ თვალთვალის პრინციპების ინიციატივას, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მთავრობებმა სათვალთვალო ტექნოლოგია, რაც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის და კანონიერების შესაბამისი იქნება.

მეოთხე: დემოკრატიის განსამტკიცებელი ტექნოლოგიებისთვის ახალი დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების წყება უზრუნველყოფს ფინანსებს, რათა შემდეგი თაობის ტექნოლოგიებში დემოკრატიული ღირებულებების ჩაშენებას დაეხმაროს.

მეხუთე: ახალი ცენზურის საწინააღმდეგო ტექნოლოგის ფონდის მეშვეობით, შეერთებული შტატები ჩაკეტილ საზოგადოებებს ღია ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება.

და ბოლოს: შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები, ინტერნეტის სამართავად გლობალური მოწილეობის სისტემის გაძლიერებას ისახავენ მიზნად.

„ტექნოლოგიების სამყაროში, „სწრაფად იმოძრავე და რაღაცეები გატეხე“, გაბატონებული, გაცვეთილი ფრაზა იყო,“ თქვა ადმინისტრატორმა პაუელმა. „ბევრი რამ გატყდა და ახლა ყოველი ჩვენთაგანის მოვალეობაა, ასევე სწრაფად ვიმოძრაოთ, უფრო სწრაფად ვიდრე ოდესმე, რათა ჩვენი დემოკრატიული სისტემები აღვადგინოთ.“

XS
SM
MD
LG