Accessibility links

Breaking News

უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემების დაწინაურება


5G - მეხუთე თაობის ტექნოლოგიური სტანდარტი მობილური კავშირისთვის, რომლის დანერგვა პლანეტაზე გასულ წელს დაიწყო, გაცილებით მეტი გამტარუნარიანობით გამოირჩევა, ვიდრე მისი მეოთხე თაობის წინამორბედი - 4G. ეს ნიშნავს, რომ 5G გაცილებით გააუმჯობესებს მობილური ტელეფონების თუ ინტერნეტის მომსახურებას და სავარაუდოდ, გამოიწვევს ე.წ. საგანთა ინტერნეტის (მოწყობილობათა ინტერნეტის) ახალი აპლიკაციების შექმნას და მათ შორის კომუნიკაციის დახვეწას.

თუმცა, მონაცემთა მზარდი ნაკადი, რომელსაც მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტი უზრუნველყოფს, იერიშების მეტ შესაძლებლობასაც გულისხმობს. „მართალია, 5G-ის მსგავსი ტექნოლოგიები უზარმაზარი ზრდის შანსებს იძლევა, მაგრამ ასევე გაიზრდება რისკები არასანდო ქვეყნების და კომპანიების მხრიდან, განსაკუთრებით - ავტორიტარული მთავრობების მიერ მართულ სახელმწიფოებში, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთის კომუნისტური პარტია“ - თქვა კით კროქმა ინდო-წყნარი ოკეანეთის ბიზნეს-ფორუმზე. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეა ეკონომიკური ზრდის, ენერგორესურსების და გარემოს დაცვის მიმართულებით.

კით კოქის თქმით, საკითხავი ისაა, თუ ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი ძვირფასი პირადი ინფორმაცია, ჩვენი კლიენტების ყველაზე მგრძნობიარე მონაცემები და ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრება. „ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება „ჰუავეის“ მსგავსი კომპანია, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მოსახლეობაზე ზედამხედველობის ხერხემალია. და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ეროვნული დაზვერვის აქტი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის ნებისმიერ მოქალაქეს, ან ნებისმიერ ჩინურ კომპანიას, იმის მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაშია ის თუ არა, მოეთხოვება გადასცეს სახელმწიფოს ნებისმიერი ინფორმაცია, დაპატენტებული ტექნოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება, ან მონაცემები, თუკი ამას მათგან ჩინეთის კომუნისტური პარტია მოითხოვს“.

სწორედ ამიტომ, აგვისტოში, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სუფთა ქსელების პროგრამა დააფუძნა. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობა, დაიცვას პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა, ინტელექტუალური საკუთრება და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ისეთი მავნე მოთამაშეებისგან, როგორიცაა ჩინეთის კომუნისტური პარტია.

„სუფთა ქსელები კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს, რათა პირად მონაცემთა დაცვის, უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებების და სანდო თანამშრომლობის გრძელვადიან საფრთხეებზე, ადეკვატური პასუხის გაცემა იყოს შესაძლებელი“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე. კით კროქის თქმით, პროგრამა „ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ ციფრული ნდობის სტანდარტებს და წარმოადგენს მრავალწლიან, მტკიცე სტრატეგიას, რომელიც 49 ე.წ. სუფთა ქვეყნის, 170-ზე მეტი ე.წ. სუფთა სატელეკომუნიკაციო კომპანიების და მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ არის შემუშავებული“.

„ჩვენ ყველას - მთავრობებს, ბიზნესებს, სამოქალაქო საზოგადოებას, და ვფიქრობ, განსაკუთრებით მედიას - დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების სასარგებლოდ, შეგვიძლია გავაგრძელოთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ტალღის შემობრუნება. არ არსებობს მდგრადი განვითარება თავისუფლების გარეშე“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგორესურსების და გარემოს დაცვის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG