Accessibility links

Breaking News

შეერთებული შტატები ერთგულია დემოკრატიის ხელშეწყობის


სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი
სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი

„სერიოზული უკუსვლის და მზარდი ავტორიტარიზმის პირისპირ, ჩვენ ცხადად და არაორაზროვნად უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს კომპეტენტური მართვა და რეალური ადამიანებისთვის ხელშესახები შედეგების დადება შეუძლიათ“ - აცხადებს სამანტა პაუერი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი.

პაუერის თქმით, ავტოკრატიული ქვეყნები მძლავრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, რათა თქვან, რომ მათ უკეთ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, „თუმცა მათი ნაამბობი აშკარა სიყალბეს წარმოადგენს“. ინსტიტუტი „ვი-დემ“, რომელიც დემოკრატიის კონცეპტუალიზაციას და გაზომვას სწავლობს, ამ საკითხზე მომუშავე მრავალ მეცნიერს ციტირებს. ისინი ადასტურებენ, რომ დემოკრატიზაციის 25-წლიანი პროცესის შემდეგ, დემოკრატიულ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 20%-ით უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ავტოკრატიული მმართველობის პირობებში.

ამ სახელმწიფოთა ეკონომიკის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციაა. ელიტარულ ეკონომიკურ წრეებს და კორუმპირებულ პოლიტიკოსებს დემოკრატიის შიგნიდან გახრწნა შეუძლიათ. ისინი ამას საკუთარი ინტერესების დაწინაურების მიზნით, საერთაშორისო ქსელების ჩართვით აკეთებენ.

შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტომ შექმნა ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფი (ACTF), რათა განავითაროს, გააძლიეროს და გააერთიანოს ანტიკორუფციული საქმიანობა მთელ სააგენტოში და უკეთ ითანამშრომლოს სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის და ხაზინის დეპარტამენტების მიმდინარე, ძლიერ პროგრამებთან.

ეს სამუშაო ჯგუფი საფუძველს ჩაუყრის სწრაფი მოქმედების მექანიზმს, რათა USAID-მა შეძლოს ფართო სპექტრის მულტისექტორული პროგრამების სწრაფად ამუშავება დემოკრატიული და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების მიზნით, ასევე - სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობების წასახალისებლად. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ბიუჯეტი ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფისთვის 50 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობას დებს. შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო გააგრძელებს ფინანსური სახსრებისთვის მიმართულების შეცვლას და სამთავრობო ინსტიტუტებიდან სამოქალაქო საზოგადოებათა ორგანიზაციებისკენ გადამისამართებას, თუკი ეს თანხები არ იქნება სათანადოდ გამოყენებული, ან დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროგრესს.

ანტიკორუფციული მუშაობის გარდა, სამატა პაუერის თქმით, ისინი დაეხმარებიან „ქვეყნებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში; პარალელურად ხელს შეუწყობენ დემოკრატ აქტორებს ციფრული თვალთვალისგან, ზედამხედველობისგან და რეპრესიებისგან თავდაცვაში“.

შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო საკუთარ პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა სახელმწიფო დეპარტამენტი და შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტო, ითანამშრომლებს ქვეყნებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაწინაურებას და რომ ახალი, წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, მოხდეს დემოკრატიული ფასეულობების და ადამიანის უფლებების მთავარი პრინციპების გაზიარება. ამავდროულად, შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული, რადგან ჟურნალისტებს მკაცრ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, როგორც რეპრესიული მთავრობების მხრიდან, ისე ცვალებადი ეკონომიკური რეალობის პირისპირ.

ბოლო წლებში გაზრდილი ავტორიტარიზმის მიუხედავად, მონაცემები ადასტურებს, რომ გლობალურად, დემოკრატია მართვის კვლავ ყველაზე პოპულარული და სასურველი ფორმაა - აღნიშნავს სამანტა პაუერი. შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ხალხს, ვინც საკუთარი ქვეყნის მართვას და ფუნდამენტური თავისუფლებების დანერგვას ესწრაფვის.

XS
SM
MD
LG