ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ლიცენზია, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ 9 კომპანიას სანქციებს უჩერებდა და მათთან ტრანზაქციების განხორციელების უფლებას იძლეოდა. ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სადამსჯელო სვლა „ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების აღმაშფოთებელ უგულვებელყოფას“ მოჰყვა შედეგად.
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა 2015 წელს გასცა და შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც ამ 9 კომპანიასთან ტრანზაქციების უფლებას იძლეოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბელარუსში იმ დროისთვის „ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, შესამჩნევი პროგრესი ფიქსირდებოდა, კერძოდ - პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით“.
„სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, სიტუაცია გაუარესდა და შესაძლოა, ბელარუსის დამოუკიდებლობის ისტორიაში, დღეს ყველაზე ცუდ დღეშია“.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ბელარუსის 2020 წლის აგვისტოს გაყალბებული არჩევნების დროს დაწყებული, და მის შემდეგ გაგრძელებული სამთავრობო რეპრესიების შედეგად, დღეს ქვეყანაში 340-ზე მეტი პოლიტპატიმარია. ბელარუსში ადამიანის უფლებების მკვეთრი გაუარესების ფონზე, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ [ლიცენზიის] შემდგომი გახანგრძლივება არათანმიმდევრული იქნება ბელარუსის დემოკრატიულ აქტთან მიმართებაში და შეუთავსებელია ამერიკულ ფასეულობებთან“. ბლინკენის თქმით, მიუღებელია „ლუკაშენკოს რეჟიმის დაფინანსება და მხარდაჭერა, ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მისი ძალადობრივი რეპრესიების და კანონის უზენაესობის განმეორებითი დარღვევების ხელშეწყობა“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი გვარებით დაასახელა. ესენია: ბლოგერი და საპრეზიდენტო კანდიდატი სერგეი ციხანუსკი, ოპოზიციის ლიდერი მარია კალესნიკავა და დამოუკიდებელი მედია-ექსპერტი იჰარ ლოსიკი. ენტონი ბლინკენის თქმით, ისინი არიან „ასობით ბელარუს პატიმარს შორის, ვინც ლუკაშენკოს რეჟიმმა საკუთარი ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების გამო, უსამართლოდ დააპატიმრა“.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს ბელარუსის ოფიციალურ პირებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ან დაპატიმრებული“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი და დასძენს: „მეტიც, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა კიდევ უფრო დაწინაურდეს მათი ანგარიშვალდებულება, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ძალადობაზე“.