კორუფციის აღმოფხვრას დემოკრატიის გაძლიერების საქმეში კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება, უკრაინა იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა. „მავნე მოთამაშეები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რეფორმისტებთან ბრძოლაში მხარს ძლიერ ოლიგარქებს უჭერენ, რათა მოხდეს კანონმდებლობის მორგება და დემოკრატიული წყობის შიგნიდან გახრწნა“ - განაცხადა სამანტა პაუერმა, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორია. მან აღნიშნული გაფრთხილება ახლახან გამართულ კონფერენციაზე გამოთქვა, სახელად „დემოკრატია მოქმედებაში: ნულოვანი კორუფცია“. პაუერის თქმით, უკრაინის მიერ ბოლო წლებში მიღწეული შეუდარებელი წარმატებები საფრთხის ქვეშაა. საფრთხე ემუქრება როგორც ფასეულ საჯარო ინვესტიციებს, ისე ევროპულ სისტემებში და ბაზრებზე ინტეგრაციას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ახლახან გამოსცა საპრეზიდენტო მემორანდუმი, რომელშიც კორუფცია ეროვნული უსაფრთხოების ძირეულ პრიორიტეტადაა დასახელებული. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ კორუფცია ასახიჩრებს საზოგადოებებს, ძარცვავს გადასახადების გადამხდელ მოქალაქეებს, ანადგურებს საჯარო ნდობას მმართველი ინსტიტუტების მიმართ და წყალში ყრის სიცოცხლის გაუმჯობესების მიზნით მსოფლიოს მიერ ათწლეულების მანძილზე გაღებულ ინვესტიციებს.
„ამიტომაცაა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, უკრაინაში შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მუშაობის მთავარი მიზანს წარმოადგენს“ - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა. მისი თქმით, დღევანდელი პროგრამები მუშაობს საჯარო სამსახურების გაციფრულებაზე, ინსტიტუციური რეფორმების დახვეწაზე, სამთავრობო რესურსების ადგილობრივი მმართველებისთვის გადაცემაზე, ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ საუკეთესო შეგრძნება იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს რესურსების თანაბრად განაწილება, ან სამოქალაქო საზოგადოების და მედიის რეფორმირების მხარდაჭერა. ამის მაგალითია ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრი.
ამ გზაზე, შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო ანტიკორუფციული სამოქმედო ჯგუფის გვერდში დგას, რათა მთელ სააგენტოში მოხდეს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოების გაზრდა, გაძლიერება და ინტეგრაცია, რაც დაეფუძნება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, კორუფციასთან ბრძოლაში გამოცდილ უმაღლესი დონის ადგილობრივ და გარე ექსპერტებს.
ანტიკორუფციული სამოქმედო ჯგუფი გადახედავს შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებს, რათა შეისწავლოს, თუ როგორ შეიძლება უცხოეთის დახმარების საუკეთესო გზით გამოყენება, რომ მოხდეს მექრთამეობის შემცირება და მისი პრევენცია. სამოქმედო ჯგუფი ასევე გაუძღვება ანტიკორუფციული მიდგომების დანერგვას შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს სექტორულ პროგრამირებაში და შექმნის საპასუხო ქმედების სწრაფი რეაგირების მექანიზმს, რათა მოხდეს დემოკრატიული და ანტიკორუფციული რეფორმების შესაძლებლობების სწრაფად ათვისება.
პრეზიდენტ ბაიდენის ახალ ბიუჯეტში, ამ ახალი სწრაფი რეაგირების სამოქმედო გეგმისთვის, 50 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. შეერთებული შტატები სულმოუთქმელად ელის აღნიშნული ვალდებულებების გაფართოებას და სხვა ერების წახალისებას, რომ მათ თავად გადადგან შემხვედრი ნაბიჯები დემოკრატიის მომავალ სამიტზე, რომლის თავმჯდომარე პრეზიდენტი ბაიდენი იქნება და რომელიც შეეცდება წაახალისოს დემოკრატიის დაწინაურება, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა.
„მინდა ამ ფორუმის ყველა მონაწილემ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდში დგას, მათ გვერდით, ვინც მამაცად მუშაობს უფრო გულწრფელი, სამართლიანი და დემოკრატიული სამყაროს შექმნისთვის“ - თქვა სამანტა პაუერმა, შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ადმინისტრატორმა.