Accessibility links

Breaking News

საქართველოში პოლიტიკური არეულობა მწიფდება


შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრთა დაკავებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებამ, თბილისის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოიყვანა, რომლებიც მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა მმართველ პარტიაში უთანხმოება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლახან გადადგა, მელიას დაპატიმრების აღსრულებასთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარე დავის გამო. მას [მელიას] თავდებით გათვალისწინებული წესების დარღვევაში ედება ბრალი. თავად სასამართლოს გადაწყვეტილება კი, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პოლიტიკურადაა მოტივირებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის სათაო ოფისიდან 20-მდე ადამიანი დააკავეს.

„დამაპირისპირებელი რიტორიკა, ძალის გამოყენება და აგრესია არ არის გამოსავალი საქართველოს პოლიტიკურ უთანხმოებებში“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

საქართველოში მოქმედი შეერთებული შტატების საელჩო გაფრთხილებას გამოთქვამს პოლიტიკურ დაკავებებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს „ქვეყანას უკან ხევს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში ძლიერ დემოკრატიად გადაქცევის არჩეულ გზაზე“.

ევროპის კომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ მოუწოდა „საქართველოში ყველა მხარეს გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება, უკიდურესი მოთმინება და პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან აცილებულ იქნას ესკალაცია“.

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის გაყალბების ბრალდებების გამო, დაძაბული იყო. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს ბოლო 8 წელია მართავს, აცხადებს, რომ ხმების უმეტესობა, 48 პროცენტი მოიპოვა. თუმცა, ოპოზიციური პარტიები შედეგების აღიარებაზე უარს ამბობენ, აცხადებენ რა, რომ ხმის დათვლის დროს მანიპულაციას ჰქონდა ადგილი.

ორივეს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პროდასავლური პლატფორმა აქვთ. ისინი ცდილობენ ნატოსთან და ევროპის კავშირთან ურთიერთობის დაწინაურებას და საბოლოო ჯამში, [ამ ორგანიზაციებში] გაწევრიანებას.

„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას და ჩაერთონ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მიზნით“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

შეერთებული შტატები მზად არის გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს.


XS
SM
MD
LG