შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, რომ დაეხმაროს ამ ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და უფრო დინამიური, მრავალდარგობრივი და ჩართულობის მაღალი ხარისხის მქონე ეკონომიკის მშენებლობაში, ქვეყნის თვითუზრუნველყოფის და დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით.
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაძლიერების ერთი უტყუარი გზა, ახალგაზრდობისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის ისეთი გარემოს შექმნა და მხარდაჭერაა, რომელიც ეკონომიკაში მათი წარმატების პირობებს ქმნის. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისთვის სააგენტო,USAID საქართველოში სწორედ ამას აკეთებს.
2015 წელს, ინოვაციების წახალისების და ქვეყნის ახალგაზრდობასა და ქალებს შორის მეწარმეობის ხელშეწყობის ძალისხმევის მიზნით, USAID პარტნიორულ ურთიერთობაში შევიდა საქართველოში დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაციასთან “კრისტალური ფონდი” (Crystal Fund), რათა საქართველოში ახალგაზრდული და ქალთა მეწარმეობის, იგივე - “იეს-ჯორჯია” (YES-Georgia) პროგრამა დაეწყო.
მას შემდეგ, “იეს-ჯორჯია” 3 ათასზე მეტ ახალგაზრდა მეწარმეს და პროფესიონალს დაეხმარა. მათი დაახლოებით 60 პროცენტი ქალი იყო. აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტომ ამ პროგრამის მეშვეობით, პროფესიულ უნარებში წვრთნა 900-მდე ახალგაზრდას ჩაუტარა. ახალგაზრდების კუთვნილი მიკროსაწარმოების და ე.წ. სტარტაფი ბიზნესების დასახმარებლად, კერძო და საჯარო ფონდებიდან 230 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდა და 200-ზე მეტ ახალგაზრდას, ბიზნეს შეთავაზების შედგენაში და დაფინანსების მისაღები განაცხადის წარდგენაში დაეხმარა.
იანვრის ბოლოს, საქართველოში სტუმრობისას, USAID -ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკმა, პროგრამა კიდევ ერთი ნაბიჯით დააწინაურა და “იეს-ჯორჯიის” გაფართოების შესახებ გამოაცხადა. ეს პროგრამა ახლა 50 წლის ასაკამდე ქალებს დაეხმარება. ეს თანხვედრაშია შეერთებული შტატების მთავრობის “ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივასთან” (W-GDP). პროგრამა, მეწარმე ქალების მხარდასაჭერად, ახალ საქმიანობასაც დაიწყებს, მათ შორის დაფინანსების მისაღებად მიმართვის შესაძლებლობების შექმნას.
“ეს ახალი გაფართოება მოიცავს მხარდაჭერას ქალებისთვის, რათა მათ უფროს ასაკში შრომით საქმიანობაში დაბრუნებაში დაეხმაროს. ეს იმ პრაქტიკულ სინამდვილეს ასახავს, რომ ხშირად, მეწარმე ქალები ბიზნესში ცხოვრების ამ ეტაპზე ერთვებიან და მათი კონცენტრაცია მეტწილად ისეთ დარგებში ხდება, სადაც კაპიტალის ნაკლები ინტენსივობა და საშუალო შემოსავლებია“ - განაცხადა ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკმა. „ხანგრძლივი პერსპექტივის მიზანია შეიცვალოს ის, თუ ქალების მეწარმეობაში მონაწილეობაზე ადამიანები როგორ ფიქრობენ. რათა მიხვდნენ, რომ სქესთან დაკავშირებული უარყოფითი სტერეოტიპები ბევრ ქალს აფერხებს. ამიტომ, პროგრამა ინფორმაციის გავრცელების საქმიანობასაც მოიცავს, რათა მედია კამპანიების, სოციალური ქსელების, ღონისძიებების და სხვა აქტივობების მეშვეობით, მთელ საქართველოში 100 ათას ქალს და გოგონას ხმა მიაწვდინონ“ - აღნიშნავს ის.
ბონი გლიკის თქმით, „დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოს მოსახლეობას სურს და ეკუთვნის სტაბილური დემოკრატია, სადაც გამჭვირვალე ოპერაციები სამართლებრივ ნორმებზეა დაფუძნებული და ამას იცავს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - სინდისის თავისუფლებას - ეფუძნება და რომელშიც საზოგადოების ყველა წევრს თავისი წვლილის შეტანის საშუალება აქვს“.
„USAID-ის ისეთი პროგრამები, როგორიცაა “იეს-ჯორჯია” იმისთვის არის შექმნილი, რომ საქართველოს ამ გზაზე დაეხმაროს” - აცხადებს ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი.