Accessibility links

Breaking News

მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში


უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე. 10 აპრილი, 2022 წ.
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე. 10 აპრილი, 2022 წ.

თებერვალში „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული, უსამართლო და სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანმა. სულ რამდენიმე კვირაში „რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განუწყვეტელმა ბომბარდირებამ, შექმნა ბოლო ათეული წლების ყველაზე სწრაფად მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი“.

ომის პირველი ხუთი კვირის მანძილზე, „უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი დევნილი გახდა, მათ შორის - უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი. სულ ხუთ კვირაში უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და ლტოლვილად იქცა. ახლა მსოფლიო სასურსათო პროგრამა გვაფრთხილებს, რომ უკრაინელი ხალხის 45 პროცენტი, თითქმის ნახევარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ხორბლისმომწოდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, შეშფოთებულია იმით, რომ საკვები არ ჰყოფნის“.

უენდი შერმანი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს და მის ჰუმანიტარულ შედეგებს მიეძღვნა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს და მის მეზობელ ქვეყნებს, რომელთაც მილიონობით უკრაინელი შეიფარეს, საკვებით, წყლით, თავშესაფრით და მედიკამენტებით. შერმანის თქმით, „შეერთებული შტატები ერთგულია დაპირების, საკუთრი წვლილი შეიტანოს ადამიანური ტანჯვის შემსუბუქებაში, რაც ამ ომმა უკრაინაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიწვია“.

„შეერთებული შტატები მზად არის უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოს, რაც განსაზღვრულია მათთვის, ვინც პუტინის ომის შედეგებს მეზობელ, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაექცა, ასევე - საკვების მზარდი უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მისი თქმით, ფაქტი ფაქტად რჩება: „ვიდრე პუტინი ამ ომს აგრძელებს, სანამ რუსეთის ძალები უკრაინული ქალაქების ბომბარდირებას არ წყვეტენ და ბლოკავენ დახმარების კოლონებს, ვიდრე ალყაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევენ საშუალებას სამშვიდობოს გააღწიოს, ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება როგორც უკრაინაში, ისე რუსეთის ხალხის და მთელი მსოფლიოსთვის“.

შერმანი აცხადებს, რომ „რუსეთმა უნდა დაიცვას საკუთარი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის წინაშე, რაც ეხება მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას, მათ შორის მათ, ვინც კონფლიქტს გაურბის და მათ, ვინც მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის“.

„იმედი გვაქვს, მართლა ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიუდგება სამშვიდობო მოლაპარაკებებს... თუმცა, ჩვენ ფოკუსირებას იმაზე ვახდენთ, რასაც რუსეთის ძალები აკეთებენ და არა იმაზე, რასაც პუტინი ამბობს“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

„ბოლოს და ბოლოს, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტის გამძლე შეთანხმება და რუსეთის ძალების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და უკრაინის საზღვრებიდან“ - აღნიშნავს უენდი შერმანი.

XS
SM
MD
LG