Accessibility links

Breaking News

უსამართლობის გამოსწორება გაეროში


კენჭისყრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელზეც რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს. 7 აპრილი, 2022 წ.
კენჭისყრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელზეც რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს. 7 აპრილი, 2022 წ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა. ეს მეორედ მოხდა, როცა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გაირიცხა და პირველი შემთხვევაა, როცა გარიცხულთა შორის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აღმოჩნდა.

რეზოლუცია დამტკიცდა 93 ხმით და 24 მოწინააღმდეგით. გაეროს 54-მა წევრმა თავი შეიკავა. მასში გამოხატული იყო „ღრმა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე ადამიანის უფლებების კრიზისის თუ ჰუმანიტარული კრიზისის გამო, კერძოდ - რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის ანგარიშებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევებზე, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემატური დარღვევები და ძალადობაც არის“.

რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის ინიციატორი უკრაინა იყო, რომელსაც გვერდში ედგნენ პარტნიორები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის - შეერთებული შტატები. მსოფლიო შეაძრწუნა რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ, უკრაინის ქალაქ ბუჩაში და კიევის მახლობლად მდებარე სხვა ქალაქებში გადაღებულმა საშინელმა ფოტო და ვიდეო მასალამ, რომლებზეც მშვიდობიანი მოსახლეობის წამება და სიკვდილით დასჯაა ასახული.

წარმატებული კენჭისყრის შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა: „დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ სწორი მიმართულებით ნაბიჯი ერთობლივად გადადგა. ჩვენ ახლა დაზღვეულნი ვართ იმისგან, რომ ადამიანის უფლებათა თანმიმდევრულად და აღმაშფოთებლად დამრღვევს, აღარ ჰქონდეს უფლება გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხში ლიდერის პოზიცია ეჭიროს. მოდით, გავაგრძელოთ რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება ამ არაპროვოცირებული, უსამართლო და უგუნური ომის გამო“.

შეერთებულმა შტატებმა აქამდეც არაერთხელ გააკეთა განცხადება, სადაც ვლადიმირ პუტინის ძალების წევრთა ქმედება უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულად შეაფასა. ამერიკა მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეხმაროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გამოძიებას, მყარი მტკიცებულებების მოპოვების გზით დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე.

შეაქო რა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამართული კენჭისყრა, რომელმაც რუსეთის გარიცხვა დაამტკიცა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ გაეროში „უსამართლობა გამოსწორდა“. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისე ჩანს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებანი, რომელთა მოწმეც მსოფლიო გახდა, ომის დანაშაულთა ჩადენის შემდგომ მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ადგილი არ არის იმ ორგანოში, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების პატივისცემის წახალისებაა“.

რუსეთის გარიცხვის მხარდაჭერით, „მსოფლიო კიდევ ერთ აშკარა სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და პატივი სცეს გაეროს დამფუძნებელ პრინციპებს, მის წესდებას. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენებას... შეერთებული შტატები კი კვლავ უკრაინელი ხალხის გვერდში იდგება, ვიდრე ისინი საკუთარი სუვერენიტეტის, დემოკრატიის და თავისუფლებისთვის იბრძვიან“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

XS
SM
MD
LG