Accessibility links

Breaking News

პუტინის ომის გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე


11 წლის სერგეი (ცენტრში) ჰუმანიტარული დახმარების რიგში. ბუჩა, უკრაინა. 19 აპრილი, 2022 წ.
11 წლის სერგეი (ცენტრში) ჰუმანიტარული დახმარების რიგში. ბუჩა, უკრაინა. 19 აპრილი, 2022 წ.

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი და გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან თითქმის ორი თვის თავზე, ომის ზეგავლენა უკვე იგრძნობა უკრაინის საზღვრებიდან გაცილებით უფრო შორს. კერძოდ, მზარდი რისკის ქვეშ არის სურსათის გლობალური უსაფრთხოება.

„უკრაინა და რუსეთი ორივე სოფლის მეურნეობის წამყვანი მწარმოებელია“, განაცხადა უენდი შერმანმა - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, „მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის 30% ჩვეულებრივ მოდის შავი ზღვის რეგიონიდან, ისევე როგორც სიმინდის 20% და მზესუმზირის ზეთის 75%“.

რუსეთის ფლოტი უკრაინის პორტებზე წვდომას ბლოკავს, რაც ათეულობით სურსათის გადამზიდ გემს აფერხებს, რომელთაც ტვირთი მსოფლიო ბაზარზე ხმელთაშუა ზღვის გავლით შეაქვთ, აღნიშნავს შერმანი. რუსეთმა ასევე დაბომბა უკრაინიდან გამოსული, სულ ცოტა, 3 მშვიდობიანი, კომერციული გემი.

„რუსულმა რაკეტებმა და ბომბებმა დააზიანა და დაანგრია უკრაინის აეროპორტები, სარკინიგზო ლიანდაგები, მატარებლის სადგურები და ტრასები, რომლებიც კრიტიკულია... ხორბლეულის, სიმინდის და სხვა საქონლის მიწოდებისთვის“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, „რუსეთი აქტიურად იღებს სამიზნეში მარცვლეული კულტურების სასილოსე ნაგებობებს და სურსათის შესანახ საწყობებს“, აღნიშნავს შერმანი. მისი განცხადების მიხედვით, „რუსეთის მხრიდან ამგვარი ქმედებები ქმნის სასურსათო კრიზისს უკრაინაში და მისი საზღვრებიდან გაცილებით უფრო შორს“.

შერმანი ამბობს, რომ „რუსეთის მხრიდან უკრაინული ექსპორტის გაგუდვის გამო, საკვების ფასები უკვე განუზომლად გაიზარდა დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის სახელმწიფოებში საარსებო პროდუქციაზე, მათ შორის ხორბალზე ისედაც ძვირი ფასები, წელს 20-დან 50%-მდე გაიზარდა“.

„განსაკუთრებით გვაშფოთებს იმ ქვეყნების მდგომარეობა... რომლებიც საკუთარი მოსახლეობის გამოსაკვებად, ძლიერ არიან დამოკიდებული უკრაინულ იმპორტზე“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

შერმანის თქმით, „მსოფლიო სასურსათო პროგრამა უკვე ზრუნავს 138 მილიონი ადამიანის გამოკვებაზე 80-ზე მეტ ქვეყანაში, ეთიოპიიდან ავღანეთამდე, სამხრეთ სუდანიდან იემენამდე, ნიგერიიდან სირიამდე. მაგრამ ახლა, პუტინის ომი საკვებით დახმარების მიწოდების ფასებსაც აძვირებს. და [გაეროს] სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს მასშტაბით 13 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა დაემატოს სასურსათო უსაფრთხოების პროგრამას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების ერთადერთი გზა გადის ხანგამძლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და უკრაინის ტერიტორიიდან და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე“.

შერმანის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ერთი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის მისაღებია. ეს ომი ვლადიმირ პუტინმა დაიწყო. მან შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისი. და ის არის ადამიანი, ვისაც მისი დასრულება შეუძლია“.

XS
SM
MD
LG