მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, შეერთებულმა შტატებმა დამატებითი ნაბიჯები გადადგა, რათა პრეზიდენტ პუტინს და მის მხარდამჭერებს, უკრაინაში გაჩაღებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომის გამო, საზღაურის გადახდა მოუწიოთ.
დიდ შვიდეულთან კოორდინაციით, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 27 ივნისს გამოაცხადა სანქციები, რომელთა სამიზნე „როსტექის“ ჩათვლით, რუსეთის თავდაცვის საწარმოო ბაზებია. „როსტექს“ ხაზინის დეპარტამენტი აღწერს, როგორც „რუსეთის თავდაცვის, ინდუსტრიის, ტექნოლოგიების და საწარმოო სექტორს“. სანქციები ასევე დაუწესდა 29 რუს პირს. ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ „რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამიზნეში ამოღება“ შეზღუდავს პუტინის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო დაასუსტებს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დაზარალებულია სუსტი მორალით, მომარაგების ჯაჭვის ჩაშლით და ლოჯისტიკური ჩავარდნებით“.
ხაზინის დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და იაპონიასთან ერთად, კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ენერგორესურსების გამოკლებით, ოქრო რუსეთის ფედერაციის უდიდესი საექსპორტო ნედლეულია.
ნაბიჯები, რომელიც ხაზინის დეპარტამენტმა გადადგა, უნისონშია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე (ნომერი 14024), სანქციები დაუწესა რუსეთის 45 კომპანიას და 29 ინდივიდს.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სამხედრო შენაერთების წარმომადგენლები, რომლებიც სარწმუნოდ არიან ბრალდებულნი უკრაინაში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებში. მათ შორის სახელდება: დახვრეტა, შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების ცემა და საცხოვრებელი სახლების დანგრევა.
ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს. კერძოდ, დასახელებულია სამსახურის „ცენტრალური როლი“ ე.წ. ფილტრაციის ბანაკების მართვაში, სადაც უკრაინის მოქალაქეებს იძულებით განათავსებენ. ბანაკები რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ან თავად რუსეთში მდებარეობს. ფილტრაციის ბანაკებში გადასახლებული უკრაინელები ხანგრძლივი და მკაცრი დაკითხვის პროცესს გადიან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთის ფედერაციის ბევრი უწყება, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის თავდაცვას უკავშირდება. სავიზო შეზღუდვები შეეხო 511 რუს სამხედრო ოფიცერს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნიან საფრთხეს. მიტინგების ჩახშობისთვის სანქციები დაუწესდა რუსეთის დამატებით 18 მოქალაქეს.
სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა, რაც ბოლო თვეებში რუსეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა დაუწესეს, უკვე იქონია დრამატული შედეგი რუსეთზე. ქვეყანა უცხოეთის უამრავმა კომპანიამ დატოვა; რუსეთის იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 40%-ით შემცირდა; რუსულ ქარხნებს უჭირთ წარმოების პროცესის გაგრძელება. ინფლაცია გაიზარდა და 20%-ს მიაღწია; პირველად, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა.
როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები „გააფართოვებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთისთვის საფასურის დაწესების პროცესს, თუკი ის საკუთარი არჩევანით დაწყებულ ომს გააგრძელებს“.